დღეს, სენაკში გურამ გაბესკირიას ხსოვნას პატივი მიაგეს

„…არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ…“ – ეს იყო სოხუმის მერის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს წევრის, ჟიული შარტავას თანამებრძოლის, ჩვენი თანაქალაქელის, გურამ გაბესკირიას უკანასკნელი სიტყვები, როცა ის მთავრობის დატყვევებულ წევრებთან და მათ თანმხლებ პირებთან ერთად, პარლამენტის შენობიდან გამოიყვანეს და დაჩოქება უბრძანეს…

დღეს, გურამ გაბესკირიას ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

გურამ გაბესკირიას გმირული აღსასრულიდან 24 წლის შემდეგ, 2017 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

24 წლის შემდეგ, სოხუმის დაცემის დღეს, მისი ნეშტი, სეპარატისტების მიერ დახვრეტილ 25 მებრძოლთან ერთად, საქართველოში გადმოასვენეს და სამხედრო პატივით, ქართულ მიწას მიაბარეს.

გურამ გაბესკირიას დღეს 74 წელი შეუსრულდებოდა… #ჩვენიდროისგმირი #გახსოვდესშენიისტორია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...