დღეს, საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე პრეზიდენტის სასახლეში საზეიმოდ აღინიშნება

საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. დროშის დღის აღნიშვნა საქართველოს რეგიონებიდან დაიწყება.

08:00 საათზე  ენგურის ხიდზე და  ბათუმში, 10:00 საათზე ახალციხეში, 10:30 საათზე ყაზბეგში, 11:00 საათზე ახმეტაში და ლაგოდეხში, 12:00 საათზე შინდისში და ბოლნისში, 13:00 საათზე მარნეულში სტუდენტები რეგიონის ადმინისტრაციულ შენობენთან სახელმწიფო დროშებს აღმართავენ, რის შემდეგაც პრეზიდენტის სასახლეში შეიკრიბებიან.
 
თბილისში, 15:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო ღონისძიებაზე რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს  სახელმწიფოს მეთაური შეხვდება, სიტყვით მიმართავს და ეროვნული სიმბოლიკის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.
 
სპეციალურად ამ დღისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამზადდა სახელმწიფო დროშის ორიგინალი, რომელსაც საპატიო ყარაული სიმბოლურად პრეზიდენტის სასახლეზე აღმართავს, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, საგანგებოდ გამოყოფილ ადგილზე შეინახება.
 
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში, საღამოს საზეიმო მიღება გაიმართება და სასახლეზე გადმოიფინება დროშები.
 
საზეიმო ღონისძიებაზე და მიღებაზე გამოფენილი იქნება  პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ  წარმოდგენილი შუა საუკუნეების (XIV-XVIსს) პორტოლანები, (საზღვაო რუკები) რომლებზეც  საქართველო გამოსახულია ისტორიული ხუთჯვრიანი დროშით.
წარმოდგენილ რუკებს შორისაა:
1367 წ. ვენეციელი ძმების ფრედერიკო და დომენიგო პიციგანების)  პორტოლანი, პარმის ბიბლიოთეკა;  დროშა ქ.თბილისის თავზე
1339 კატალონიელი ანჯელინო დულჩერის პორტოლანი პარმის ბიბლიოთეკა დროშა ქ.თბილისის თავზე,დროშა ცხუმის (სებასტოპოლისის)თავზე.
1325 წ. გენუელი პიეტრო ვესკონტეს პორტოლანი, დიდი ბრიტანეთის სამეფო ბიბლიოთეკა; დროშები ქ.სოხუმის და ქ.ფოთის თავზე
1329 -1350წწ კატალონელი ანჯელინო დულჩერის პორტოლანი, დიდი ბრიტანეთის სამეფო ბიბლიოთეკა;  დროშა ქ.სოხუმის თავზე
1447 წ. – კატალონიელი გაბრიელ ვალსეკას პორტოლანი, პარიზის ნაციონალური  ბიბლიოთეკა.დროშა ქალაქ სუხუმის თავზე (სებასტოპოლისი)
1385წ. – გულიემ სოლერის პორტოლანი, პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკა;  დროშა ქალაქ სუხუმის თავზე (სებასტოპოლისი)
1559 წ. დიეგო ომემის საზღვაო რუკა პარიზის ბიბლიოთეკა; სამეგრელოს სამთავროს დროშა
1561წ დიეგო ომემის პორტოლანი. პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკა. სამეგრელოს სამთავროს დროშა.
 
საქართველოს ახალი ხუთჯვრიანი დროშა, საქართველოს სახელმწიფო დროშად, 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი დაამტკიცა.
 
სწორედ ამ კანონის მიღების დღე, 14 იანვარი დადგინდა სახელმწიფო დროშის დღედ, თუმცა სახელმწიფო დროშის დღე, კანონის მიღების შემდეგ, მხოლოდ ერთადერთხელ, 2012 წელს აღინიშნა.

საქართველოს სახელმწიფო დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია მაცხოვარის და ოთხი მახარობელის სიმბოლური გამოსახულებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...