დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები სენტ გალენში შვეიცარიელებს დაუპირისპირდება

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეროვნული გუნდი D ჯგუფში შვეიცარიის, დანიის, ირლანდიისა და გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებებთან ასპარეზობდა.

შეხვედრა შვეიცარიაში, ქალაქ სენტ გალენში გაიმართება. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გუშინ დილით  ჩავიდა შვეიცარიაში. მანამდე ქვეყნის მთავარი გუნდი გერმანიის ქალაქ ბად-ვურისჰოფენში ვარჯიშობდა.

საქართველოს ნაკრები შესარჩევი ციკლის ბოლო თამაშის წინ, ფაქტობრივად, უმოტივაციოდ არის და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული აქვს. შვეიცარიის ნაკრები პირველი ადგილის შანსს ინარჩუნებს და ქართველებთან შეხვედრის შემდეგ იოლ მეტოქესთან, გიბრალტარის ნაკრებთან აქვს თამაში დარჩენილი.

მატჩის წინა პრესკონფერენციებზე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა ფეხბურთელთა საბრძოლო განწყობაზე ისაუბრეს:

ვლადიმირ პეტკოვიჩი: „საქართველოსთან შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.  მაქსიმალური კონცენტრაცია და ყველაფერი კარგად იქნება. საქართველოსთან 90 წუთის განმავლობაში ყურადღებით უნდა ვიყოთ“.

ვლადიმერ ვაისი: „ფსიქოლოგიურად კარგ მდგომარეობაში ვართ. გამომდინარე ბოლო თამაშიდან, განწყობა ცუდი არ არის. ხვალ ჯგუფის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით და მე ვფიქრობ, რომ შვეიცარია კვლავ ჯგუფის ფავორიტია. ხორვატებთან დაგეგმილი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ვფიქრობ, შვეიცარიასთან კარგი თამაში უფრო საპასუხისმგებლოა“.

დღეს შეხვედრა სენტ გალენში 20:45 დაიწყება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად