დღეს საკონსტიტუციო სასამართლო “კომენდანტის საათის” არაკონსტიტუციურად ცნობაზე “გირჩის” სარჩელს განიხილავს

ამასთან დაკავშირებით “გირჩი” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “აიპრესი” უცვლელად გთავაზობთ.

“გავუფრთხილდეთ თავისუფლებას!
„გირჩი” აგრძელებს ბრძოლას, საკონსტიტუციო სასამართლოში, ადამიანის თავისუფლების უსამართლო შეზღუდვის წინააღმდეგ.
ამჯერად საქმე საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებს ეხება, მათ შორის, მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებული კარანტინის გამო გადაადგილების შეზღუდვასა და ღამის საათებში გადაადგილების აკრძალვას, ე.წ. კომენდანტის საათს.
▪️ 20 მაისს, 12:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოში, “გირჩის” მიერ, სწორედ კომენდანტის საათის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით შეტანილი სარჩელის განხილვა გაიმართება.
“გირჩს” საკონსტიტუციო სასამართლოში ადვოკატი და პოლიტიკოსი ლევან ჯგერენაია, წარმოადგენს.
▪️ ხვალინდელ სასამართლო პროცესს ცოტნე კობერიძე, იაგო ხვიჩია და სანდრო რაქვიაშვილი გირჩი ტივისს პირდაპირ ეთერში გადაცემა “პოლიტიკურ აგორაში“ მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილავენ.
ისინი მოსარჩელისა და მოპასუხე მხარის არგუმენტების ერთგვარი კომენტატორები იქნებიან და შეეცდებიან მოქალაქეებისთვის გასაგებ ენაზე განმარტონ სასამართლოში მიმდინარე პროცესი.
მარნეულისა და ბოლნისის კარანტინზე სარჩელის არსებითი განხილვა კი 15 მაისს, პარასკევს გაიმართა.
როგორც იცით, “გირჩის” აზრით ეს შეზღუდვები არაკონსტიტუციურია.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტი საპარლამენტო კონტროლზე პრეტენზიას არ აცხადებს, “გირჩის” აზრით, მთავრობას იმისთვის, რაც კორონასთან ბრძოლის ფარგლებში ჩაიდინა, პარლამენტის თანხმობა ბევრ შემთხვევაში სჭირდებოდა და არ ჰქონია.
15 მაისს მოსარჩელე გიორგი ჭაუჭიძე, თავად ვერ დაესწრო სასამართლო პროცესს, რადგან გადაადგილების უფლება შეუზღუდეს. მიუხედავად იმისა, რომ მას საერთოდ არ ჰქონია კოვიდ ინფექცია და არც რომელიმე ინფიცირებულთან კონტაქტი.
▪️ სარჩელის დაკმაყოფილებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას შეუძლია მომავალშიც დაიცვას ადამიანთა თავისუფლება, იმ სრულიად უაზრო, უსამართლო და ნორმალური ადამიანისთვის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებისაგან, რა დამოკიდებულებითაც მოქმედებდა საქართველოს ხელისუფლება, ბოლო თვეების განმავლობაში, ვირუსთან ბრძოლის სახელით.
▪️ საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების კანონიერებაზე საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე რამდენიმე სხვა სარჩელიც არის შესული. ხვალ, გირჩი ტივის ეთერში სასამართლო პროცესის პარალელურად, ჩვენ მათი ავტორების მოსაზრებებსაც შემოგთავაზებთ” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად