დღეს, ფოლკლორის ცენტრში “ქართული გალობის” გამოცემების პრეზენტაცია გაიმართება

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში პროექტი „ხალხური საღამოები“ მიმდინარეობს. 24 ნოემბერს 19:00 საათზე მესტიის ანსამბლ ,,რიჰოს“ კონცერტთან ერთად ანსამბლის მოღვაწეობასთან დაკავშირებული, საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ ორი გამოცემის: „სვანური ხალხური სიმღერები“ და ,,ისლამ ფილფანი“ პრეზენტაცია იგეგმება.

„სვანური ხალხური სიმღერები“ სასწავლო დანიშნულების სანოტო კრებულია, თანდართული აუდიოჩანაწერების ორი კომპაქტდისკით. აუდიომასალა ჩაწერილიან გასული საუკუნის 80-იან წლებში მესტიის ხალხური სიმღერისა და ცეკვის რაიონულ ანსამბლ „რიჰოს“ მიერ ისლამ ფილფანის ხელმძღვანელობით.

გამოცემის სასწავლო დანიშნულება იმაში გამოიხატება, რომ თითოეული სიმღერა 4 აუდიო ფაილადაა ჩაწერილი: პირველ ჩანაწერში სიმღერის ყველა ხმა თანაბრად ისმის, დანაჩენ სამში კი ცალკეული ხმებია დაწინაურებული. წიგნი მოიცავს 13 სიმღერის ნოტირებულ მასალას, სიმღერების სვანურ ტექსტებს, ქართულ-ინგლისური თარმანით, ანოტაციებსა და განმარტებებს. გამოცემა ორენოვანია და განკუთვნილია, როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული ქართველი თუ უცხოელი მუსიკოსებისთვის.

მეორე გამოცემა ცნობილი სვანი ეთნოფორის, ისლამ ფილფანის მონოგრაფიაა, რომლის ავტორია ეთნომუსიკოლოგი, მუსიკოლოგიის დოქტორი მაკა ხარძიანი. ეს წიგნი აგრძელებს სერიას „ქართული სიმღერის მოამაგენი“, რომელიც ფონდ „ქართული გალობის“ მიერ დაჯილდოებულ ცნობილ ლოტბარებსა და მომღერალ-მგალობლებს ეძღვნება.

2013 წელს ფონდმა „ქართული გალობა“ ისლამ ფილფანი დააჯილდოვა, როგორც ქართული სიმღერის მოამაგე, ხოლო 2016 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მას ხელოვნების ქურუმის ქოდება მიანიჭა.

მონოგრაფიის მიზანია, ახლოს გააცნოს მკითხველს ისლამ ფილფანი, როგორც მომღერალი და ლოტბარი, ვირტუოზი მეჭუნირე, ათობით სვანური სიმღერის ზედმიწევნით მცოდნე, შეუდარებელი მასწავლებელი და სამაგალითო ადამიანი.

მონოგრაფია ბიოგრაფიულ ცნობებთან ერთად მოიცავს მესტიის სარაიონო ანსამბლის ისტორიას; ფილფანების საოჯახო ანსამბლის მოღვაწეობას, რომელსაც უკავშირდება სვანური ფოლკლორის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის უმნიშვნელოვანესი ფაქტი; ქართველი თუ უცხოელი მეგობრებისა და მოსწავლეების მოგონებებს ისლამ ფილფანზე.

ბიბლიოგრაფიაში თავმოყრილია ინფორმაცია გამოცემული თუ არქივებში დაცული აუდიო-ვიდეო ფოტომასალის, მესტიის სარაიონო გუნდისა და ანსამბლ რიჰოს მოღვაწეობის შესახებ. გამოცემას ერთვის კომპაქტდისკი, რომელზეც ჩაწერილია გამოუქვეყნებელი საექსპედიციო მასალა: ისლამ ფილფანის საჭუნირო კომპოზიციები და საოჯახო ანსამბლის აუდიოჩანაწერები.


ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით თბილისსა და საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში ,,ხალხური საღამოები“ იმართება. მომდევნო კონცერტი 26 ნოემბერს 19:00 საათზე ფოლკლორის ცენტრის დარბაზში გაიმართება, სადაც მსმენელის წინაშე ,,ტრიო იარალი” წარდგება. პროექტი ,,შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება და 4 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად