დღეს, პარიზში ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტი საუკეთესო კონსერვაციის პროექტად დასახელდება

დღეს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში გაემგზავრება და კულტურული მემკვიდრეობის სამიტს დაესწრება, რომელზეც გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

სამიტზე 27 გამარჯვებულს შორის ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტიც დასახელდება, რომელიც კომპეტენტური ჟიურის მიერ 34 ქვეყნის 149 განაცხადიდან შეირჩა და წლის საუკეთესო კონსერვაციის პროექტად დასახელდა.

აღნიშნული პროექტი კონკურსზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს წარადგინა. პროექტი 2014-2018 საქართველოს მთავრობისა და ,,ფონდი ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა. ღონისძიების ფარგლებში, ასევე ცნობილი გახდება 7 გრანპრის ლაურეატი და ნომინაციის „საზოგადოების რჩეული“ გამარჯვებული, რომლის მოსაპოვებლად კანდიდატურებისთვის ევროპისა და მსოფლიოს მოქალაქეების მხარდაჭერაა საჭირო. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი, ,,ფონდი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პროექტის თანადამფინანსებელი ნიკოლოზ ჩხეტიანი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი თამარ მელივა, პროექტის ,,ქართული სახლი“ ავტორთა ჯგუფის წარმომადგენელი ნანა მეფარიშვილი, პროექტის შემსრულებელი კომპანიის „არქიტექსი“ წარმომადგენელი შალვა მელიქიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად