დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ნიკა მელიას საქმეზე პროცესი დღეს გაიმართება.

სხდომაზე დაცვის მხარის შესავალ სიტყვას მოისმენენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება. სხდომას არ დაესწრება თავად ბრალდებული ნიკა მელია, ვინაიდან ის გასულ პროცესზე მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემულობის გამო დარბაზიდან გააძევა.

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...