დღეს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარი” გაიხსნება

დღეს, თუმანიშვილის თეატრის ფოიეში, 17:00 საათზე ფესტივალი "საჩუქარი" თემო გოცაძის პერსონალური გამოფენით გაიხსნება,- ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, დღესვე 20:00 საათზე, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ევა იერბაბუენა მაყურებლის წინაშე წარმოდგენით "წვიმა" წარსდგება, ხოლო სპექტაკლის დასასრულს, ტრადიციულად მიხეილ თუმანიშვილის პრემიით დაჯილდოება – "ხელოვნებაში სრულყოფილებისათვის" გაიმართება. 

2016 წლის ლაურეატები არიან: ევა იერბაბუენა, თემო გოცაძე, ჯოის მაკმილანი და ლაშა თაბუკაშვილი. 

15 ოქტომბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, ქართულ თეატრალურ სივრცეში წარმოდგენილი იქნება ევა იერბაბუენას, დიმიტრი კრიმოვის, რიმას ტუმინასის, სერენა სინიგალიას, მიკელე პანელას საუკეთესო დადგმები. 

მაყურებელს საშუალება ექნება დაესწროს მსოფლიო სახელოვნებო ნიმუშებს გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, აშშ-დან.

ფესტივალის ფარგლებში, იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, წარმოდგენილი იქნება ახალი პროგრამა "ფოკუსშია იტალია". თუმანიშვილის თეატრის საგამოფენო სივრცე კი თემო გოცაძისა და მანანა მენაბდის პერსონალურ გამოფენებს უმასპინძლებს.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...