დღეს, მართლმადიდებელი სამყარო ხარებას აღნიშნავს

ხარება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა – ამ დღეს მთელ კაცობრიობას ემცნო, რომ სახიერმა ღმერთმა თავისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით ცოდვის ტყვეობაში მყოფი ადამის მოდგმის გამოხსნა ინება.

ცოდვით დამძიმებული ქვეყნიერებისთვის ყოველივე სიკეთის დასაბამად ის დღე იქცა, როცა ყოვლადწმიდა ქალწულს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა: „გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა! კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“. ამ დღეს არა მხოლოდ ღვთისმშობელს, არამედ მთელ კაცობრიობას ემცნო, რომ სახიერმა ღმერთმა თავისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით ცოდვის ტყვეობაში მყოფი ადამის მოდგმის გამოხსნა ინება.

განვლილი საუკუნეების მანძილზეც მრავლად იყვნენ და დღესაც არიან ადამიანები, რომელთაც ეჭვი შეაქვთ მაცხოვრის უბიწოდ შობაში, მით უფრო, რომ ქალწული მარიამი დაწინდული იყო. ასეთი გაუკუღმართებული აზრის მქონეთა პასუხად ისევ სახარებას მოვიშველიებთ. მათე მახარებელი პირდაპირ ამბობს, რომ მართალი იოსები საოცრად დაიბნა, რომ მარიამი „მიდგომილ“ ანუ ორსული აღმოჩნდა (იოსები ჩვეულებრივ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში რომ ყოფილიყო მარიამთან, ეს ამბავი არ უნდა გაჰკვირვებოდა). და ვინმეს რომ არ დაებადოს კითხვა, თუ როგორ შეიქნა ფეხმძიმედ ქალწული, წმინდა მათე იქვე ურთავს: „სულისაგან წმიდისა“.

ნუ ვიკითხავთ, როგორ ჩასახა სულიწმიდამ ყრმა ქალწული მარიამის წიაღში. შევძლებთ კი ჩვენ, მიწისაგან შობილნი, ავხსნათ ეს საიდუმლო, რომელსაც თვით ანგელოზებიც კი ვერ სწვდებიან? მხოლოდ იმის ცოდნას უნდა დავჯერდეთ, რომ ეს საიდუმლო მოახდინა ღვთის სულმა. ქრისტეს ჩასახვა ქალწულ მარიამში უფლის დიდი სასწაულია, რომელიც ამოუცნობ საიდუმლოს შეიცავს. როგორ დაეტია საშოში დაუტევნელი, ყველგან მყოფი, გარეშემოუწერელი?.. ყოველივე ეს კაცთა გონებისთვის მიუწვდომელია. ვირწმუნოთ ის, რაც გაცხადდა ჩვენთვის და ნუ შევეცდებით, მივაგნოთ იმას, რაც ჩვენგან დაფარულია.

რატომ მოხდა, რომ ძე ღვთისა დაწინდვის შემდეგ კი არა, დაწინდვამდე ჩაისახა წმინდა ქალწულში? ანდა თუკი მარიამმა ღმერთს მარადიული ქალწულების აღთქმა მისცა, რატომ მიიჩნია უფალმა საჭიროდ მისი მამაკაცზე დაწინდვა? – სწორედ აქ არის დამარხული ღვთის განგებულების დედაარსი: უფალმა არ ისურვა, რომ იუდეველებს იესოს დაბადებისთანავე გაეგოთ მისი ქალწულისაგან შობა. ღვთისთვის უმჯობესი იქნებოდა, თავისი კურთხეული ძის განხორციელების საიდუმლო დრომდე დაეფარა, რათა ბოროტისათვის არ გაცხადებულიყო, რომ ყოვლადწმიდა მარიამი იყო ის ქალწული, ვისზეც წინასწარმეტყველებდა წმიდა ესაია: „აჰა, მუცლად იღებს ქალწული და შობს ძეს“ (ესაია 7,14). იუდეველებს ეს საიდუმლო რომ გაეგოთ, ბოროტის ჩაგონებით ქალწულს რჯულის კანონით გაასამართლებდნენ, როგორც მეძავს და ჩაქოლავდნენ. თუკი მზად იყვნენ, იესო მხოლოდ იმის გამო ჩაექოლათ, რომ შაბათს კურნავდა სნეულებს, როგორღა აპატიებდნენ მარიამს უქმროდ ძის შობას? თუკი თვით ქალწულის დამწინდველ მართალ იოსებს შეეპარა ეჭვი მარიამის სიწმინდეში, როგორ მიიღებდნენ ამ საიდუმლოს გაბოროტებული და ცოდვისაგან გადაგვარებული ურიები?

მართალმა იოსებმა, რომელმაც ღვთისაგან შეიტყო დაფარული, უდიდესი მოკრძალებით დაიწყო ქალწულის მსახურება. მისი სახით ღმერთმა მარიამს შესძინა ხილული მცველი და მფარველი, რომელიც განსაკუთრებით სჭირდებოდა ყოვლადწმიდა ქალწულს ეგვიპტეში ლტოლვის დროს.

საინტერესოა ისიც, თუ როგორ ემცნო მართალ იოსებს ეს საიდუმლო.

მას შემდეგ, რაც მთავარანგელოზმა ქალწულს მესიის ჩასახვა ახარა, მარიამმა მოინახულა თავისი ნათესავი მართალი ელისაბედი, ვისთანაც მან სამი თვე დაყო. სამი თვე, რა თქმა უნდა, საკმარისი დრო გახლდათ იმისთვის, რომ ქალწულს ფეხმძიმობა დასტყობოდა. სხვებზე ადრე ეს იოსებმა შეამჩნია. ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდებოდა მის სულში, როცა შინ დაბრუნებული ქალწული, რომლის შერთვასაც აპირებდა, ასეთ მდგომარეობაში იხილა. ალბათ, რას არ ფიქრობდა მარიამზე, რა მტანჯველი ეჭვები არ აწუხებდა მის სულს! ყოველივეს კიდევ უფრო აუტანელს ხდიდა ის, რომ იოსებმა კარგად იცოდა, რაოდენ ანგელოზებრივად ცხოვრობდა აქამდე მისი დაწინდული ქალწული, ვისი უმანკოების დაცვა და მფარველობაც თავად იდო თავს. ალბათ, თვალებს არ უჯერებდა და ვინ იცის, რამდენჯერ საგანგებოდ დააცქერდა, ეს მტანჯველი ეჭვი როგორმე რომ გაეფანტა. ეგებ ისიც კი განიზრახა, თავად მარიამისთვის გამოეკითხა ყოველივე, მაგრამ ვერც ეს შეძლო… იქნებ დალოდებოდა, რომ დაწინდულს თავად გაემხილა საიდუმლო? მაგრამ მარიამი არაფერს ამბობდა… ყოვლადწმიდა ქალწული დუმდა, რადგან დუმდა თვით უფალი. რაღა უნდა ექნა იოსებს? მას, მართალია, ჰქონდა უფლება, მარიამი ემხილებინა და მოსეს კანონით დაესაჯა, მაგრამ ასეთი სიმკაცრე უცხო იყო მისი კეთილი ბუნებისათვის, არ სურდა ქალის საჯაროდ მხილება, ყველას წინაშე შერცხვენა და უმაღლესი სამსჯავროსთვის გადაცემა, ამიტომ „იზრახა ფარულად განტევება მისი“ – გადაწყვიტა, ფარულად გაშორებოდა მას, ხმაურისა და ყველა იმ ფორმალობის გარეშე, რასაც კანონი ითხოვდა გაყრის საბუთის მიცემისას. ამის უფლება ჰქონდა, ვინაიდან დაწინდვა ქორწინებად არ ითვლებოდა და განსაკუთრებული ფორმალობები საჭირო არ იყო.

„და ვითარ იგი ამას განიზრახვიდა ოდენ“, – როგორც კი ქალწულის სახლიდან გაშვების აზრი განმტკიცდა მასში, – „ანგელოზი უფლისა (წმინდა მამები ვარაუდობენ, რომ ეს იყო მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელმაც ქალწულს მის წიაღში მაცხოვრის უბიწოდ ჩასახვა ახარა) ჩუენებით გამოუჩნდა მას“.

საოცარია – იესო დაბადებამდე, დედის მუცელში ყოფნის დროსაც კი, უკვე ეზიდებოდა დამცირების მძიმე ჯვარს, რომელიც დაბადების შემდეგ მთელი თავისი ამქვეყნიური ცხოვრება უნდა ეზიდა…

როგორც იქნა, განსაცდელი დასრულდა. უფლის ანგელოზი ძილში გამოეცხადა იოსებს (რადგან მოხუცის ღვთივმორჩილ სულს არ სჭირდებოდა უფრო საკვირველი ჩვენება) და „ჰრქვა: იოსებ, ძეო დავითისო!“ იოსები უბრალო ხურო იყო, ანგელოზმა კი სახელოვანი მეფის – დავითის ძედ მოიხსენია იგი, რითაც შეახსენა, რომ იგი იყო კანონიერი მემკვიდრე აღთქმულისა, რომელიც ეუწყა დავითს – მესია შენს შთამომავალთაგან იშვებაო. ანგელოზის სიტყვები დაახლოებით ამას ნიშნავდა: დავით მეფის ჩამომავალო, რატომ სულმოკლეობ და შფოთავ? რა თქმა უნდა, რომ არა ეს ეჭვი, შენ მის გაშვებას არც იფიქრებდი. ნუ გეშინია, ის წმინდაა და არაფერში მიუძღვის ბრალი, – „ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა“, – მე არ მოვიხსენებდი მას შენს ცოლად, დაწინდვის შემდეგ რომ არ დაეცვა სიქალწულე თვისი. უშიშრად მიიღე შენს სახლში ის, ვინც გონებით უკვე მოიცილე თავიდან. „რამეთუ რომელი იგი მისგან იშუეს“, ადამიანისგან კი არა, ღვთისგანაა ჩასახული – „სულისაგან წმიდისა არს“.

ასე განეცხადა იოსებს ძე ღვთისას ქალწულისაგან უთესლოდ შობის გონებამიუწვდომელი საიდუმლო. მას ეუწყა ის, რასაც აზრადაც კი ვერასოდეს გაივლებდა. ყოველივე ეს ისეთი სიცხადით ამცნო ანგელოზმა, რომ აღარ შეიძლებოდა, მოხუცს მცირედი ეჭვი მაინც დარჩენოდა. ამასთანავე, ჩვენებას ახლდა კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი, რომ გამოცხადება ჭეშმარიტი იყო: ანგელოზმა აუწყა, რომ მარიამი მუცლით ატარებდა ძეს – არ შეიძლებოდა, ეს უბრალო სიზმრით გაცხადებულიყო.
ამ ჩვენების შემდეგ მართალი იოსების კეთილ სულში გაქრა ეჭვის მარცვალი და გახარებული, გულმშვიდად შეუდგა ღვთის ნების აღსრულებას.

წყარო: orthodoxy.ge

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად