დღეს გერგეტობაა

16 ივლისს, გერგეტის სამების დღესასწაული აღინიშნება,რომელიც ხევის მთავარ სალოცავს წარმოადგენს.

თქმულება სამების ტაძრის აშენებას თამარ მეფეს მიაწერს.

თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, წმინდა სამების მთაზე ანდრია მოციქულს ქრისტიანობა უქადაგია და ჯვარიც აღუმართავს. წინათ აქ მონასტერიც ყოფილა. შიშიანობის დროს აქ ამოჰქონდათ მცხეთის ტაძრის საგანძური.

აქვე ყოფილა დაცული ნინოს ჯვარიც, რასაც ვახუშტიც ამოწმებს: “გერგეთის ზევით არის მყინვარის კალთასა ზედა მონასტერი სამებისა, გუმბათიანი, მცხეთის სამკაულის სახიზრად, სადაცა ესვენა ნინოს ჯვარი, შვენიერ ნაშენი, შვენიერ ადგილსა”. 1749 წელს რომანოზ ბატონიშვილს ჯვარი მოსკოვში წაუღია და ბაქარ ბატონიშვილისთვის გადაუცია. სიწმინდე მხოლოდ 1801 წელს დაბრუნდა საქართველოში. ტაძარი წინათ მოხატული ყოფილა, ტაძარში დაცულია ორი ძველი ხატი, “კუბოს კარად” წოდებული. ხატები ფიცარზეა დაწერილი. ერთს “საავდროს” უწოდებენ, მეორეს – “სადაროს“. საავდროზე გამოსახულია ხარება, შობა, მირქმა და ნათლისღება, “სადაროზე” – ჯვარცმა, ყოვლადწმინდა სამება, აღდგომა, თომას გვერდის განხილვა, ლაზარეს აღდგინება და მაცხოვრის იერუსალიმში შესვლა. გვალვაში გერგეტელები საავდრო ხატს ტაძრიდან გამოაბრძანებენ და წყაროს წყალში განბანენ, ავდარში კი “სადარო” გამოაქვთ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, აღდგა გერგეტის წმინდა სამების ტაძართან არსებული მამათა მონასტერი. იქ მუდმივად აღესრულება წირვა-ლოცვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...