დღეს დოკუმენტური კინოფესტივალი “სინედოკ- თბილისი” იხსნება

“სინედოკ-თბილისი” წელს უკვე მე-7-ედ ჩატარდება და 8-13 მაისის ჩათვლით, დოკუმენტური კინოს მოყვარულებს საინტერესო კინოჩვენებებსა და მასტერკლასებზე ეპატიჟება. ტრადიციულ სექციებთან ერთად (საერთაშორისო კონკურსი, Focus Caucasus, CineDOC Young, Erotic DOC) წელს ფესტივალი მაყურებელს თემატურ სექციებს შესთავაზებს, რომლებიც სხვადასხვა თემაზე შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს.

თემატურად დაყოფილი სექციებია: “რეჟისორი ფოკუსში”, “უპირობო სიყვარული”, “რწმენის მიღმა”, “წითელი სული”, “ჩვენ და ჩვენი პლანეტა”, “ადგილი, რომელსაც სახლს ვუწოდებთ”, “ოჯახური პორტრეტები”, “კონფლიქტის შემდეგ”, “მარად ახალგაზრდა”, “ცვალებადი ქალაქები”, “ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი” და “ადაპტაცია”.

სექციაში “რეჟისორი ფოკუსში” ნაჩვენები იქნება ფრანგი რეჟისორის ნიკოლა ფილიბერის სამი ფილმი: “ცხოველები” (1994), “ყოფნა და ქონა” (2002), “ყოველ წუთსა და წამს” (2018). ხოლო 9 მაისს 17:00-ზე კინოთეატრ “ამირანის” მე-3 დარბაზში ნიკოლა ფილიბერი დაინტერსებული აუდიტორიისათვის მასტერკლასს გამართავს.

“უპირობო სიყვარულის” სექციაში წარმოდგენილი ფილმების ავტორები ცდილობენ გრძნობები სხვადასხვა ჭრილში განიხილონ, იქნება ეს უკრაინული გულისამაჩუყებელი ისტორია ფილმიდან “მამაჩემი დედაჩემის ძმაა” (რეჟისორი: ვადიმ ილკოვი) თუ ქართველი წყვილის ნანულისა და გოგის 50 წლიანი თანაცხოვრების ამბავი ფილმში “ნანული და გოგი” (რეჟისორი: მარიამ აგლაძე).

რა ადგილი უკავია რელიგიას თანამედროვე ადამიანების ცხოვრებაში და ახდენს თუ არა ის გავლენას მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე? – ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ეცდებიან სექციაში “რწმენის მიღმა” წარმოდგენილი რეჟისორები შემდეგ ფილმებში: “მთავარი ცოლი” (რეჟ:ჰისტერ ოვერმარსი, ნიდერლანდები), “მოლენბეკის ღმერთები” (რეჟ:რეეტა ჰუჰტანენი, ფინეთი) და “სანამ მამა დაბრუნდება” (რეჟ:მარი გულბიანი, საქართველო/საფრანგეთი/გერმანია).

უდაოდ ცალკე აღნიშვნის ღირსია ფესტივალის ახალი პროგრამა “წითელი სული”, რომელშიც წარმოდგენილი ფილმები საბჭოთა კავშირსა და მის გარშემო არსებულ, დღესაც აქტუალურ თემებსა და პრობლემებს უტრიალებს. ამ თემატურ სექციაში ნაჩვენები იქნება ძიგა ვერტოვის, ვერნერ ჰერცოგისა და ვიტალი მანსკის ფილმები.

საერთაშორისო კონკურსის ფილმებს შეაფასებენ: ჰოლანდიელი რეჟისორი და პროდიუსერი პეტრა სელისკარი, ადამიანთა უფლებების საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის One World-ის დირექტორი ონდრეი კამენცკი და ქართველი რეჟისორი და პროდიუსერი მარიამ ჭაჭია. რაც შეეხება Focus Caucasus-ის ჟიურის, მასში შედიან: ქენან ალიევი, Current Time TV-ის აღმასრულებელი რედაქტორი, ჩილა კატო, Astra Film Festival-ის პროგრამის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და კინოკრიტიკოსი და კონსულტანტი ტუე სტინ მიულერი.

11 მაისს შედგება ფილმის “თაფლის მიწა” ჩვენება და შეხვედრა ოპერატორთან ფეიმი დაუტთან, რომელმაც ამ ფილმისათვის სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის ჯილდო აიღო. “თაფლის მიწა” (2019) მოგვითხრობს ევროპაში დარჩენილი უკანასკნელი მეფუტკრის ამბავს, რომელიც მაკედონიის შორეულ სოფელში ველურ ფუტკრებს უვლის. მთავარი გმირის სახლთან ახლოს მომთაბარე მეფუტკრეთა ოჯახი დასახლდება, რაც მის მიერ შენარჩუნებულ ფუტკართა კოლონიებს განადგურებით დაემუქრება.
ამავე დღეს შედგება CREATIVE EUROPE-ის პროგრამის პრეზენტაციაც, რომელზეც განიხილავენ ევროპაში ტრენინგების შესაძლებლობებს ქართველი რეჟისორებისთვის, ასევე ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ უნდა შეიტანოთ განაცხადი და როგორ ითანამშრომლოთ Creative Europe-თან საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ მე-7 საერთაშორისო დოკუმენტური კინოს ფესტივალი “სინედოკ-თბილისი” 8 მაისს 20:00-ზე კინოთეატრ “ამირანში” გაიხსნება სანდენსის კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმით “თაფლის მიწა”.

ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმების ჩვენება კინოთეატრ “ამირანსა” და საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...