A1 ბანერი

დღეს და ხვალ პარიზი ძიუდოისტთა გრანდ სლემს უმასპინძლებს

AccorHotels Arena-ს 5 ტატამზე, 572 ძიუდოისტი, 336 კაცი და 236 ქალი, 97 ქვეყნიდან, პარიზის გრან სლემის რიგით 45 ტურნირზე წარმატებით გამოსვლას და ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო სარეიტინგო ქულებით საკუთარი ყულაბის გამდიდრებას შეეცდება.

გრანდ სლემის ტურნირი ძიუდოისტებისთვის რანგით მესამე მნიშვნელობისაა მსოფლიო ჩემპიონატის და მასტერსის ტურნირის შემდეგ. მისი საპრიზო ფონდი 150 000 დოლარია, საიდანაც 5000$-ს (4000$ დოლარი ძიუდოისტს და 1000$ მწვრთნელს) გამარჯვებულს აძლევენ, 3000$-ს (2400+600) მეორე ადგილოსანს, ხოლო 1500-1500$-ს (1200+300) კი – მესამე ადგილოსნებს.

პარიზის გრანდ სლემზე საქართველო 11 კაცი-ძიუდოისტით წარსდგება. 60 კგ წონით კატეგორიაში ნაკრების უდავო ლიდერი ამირან პაპინაშვილი არ იასპარეზებს. არ იქნება აგრეთვე მსოფლიო რეიტინგით ქართველ ძიუდოისტთა შორის მეორე ადგილზე მყოფი, მაგრამ წლის ბოლოს საქართველოს პირველობის ნახევარფინალში დამარცხებული და მესამე ადგილზე გასული ლუხუმ ჩხვიმიანი. მათ არყოფნაში ახალგაზრდა ძიუდოისტები, საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი თემურ ნოზაძე და მეორე ადგილის მფლობელი ჯაბა პაპინაშვილი შეეცდებიან სარეიტინგო ქულების მოპოვებას და ამირან პაპინაშვილის პირველ სათადარიგოობაზე პრეტენზიის გაცხადებას.

კენჭისყრამ პირველ მეტოქედ თემურ ნოზაძეს (N168, 112 ქულა) ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი (N7, 3617 ქულა) არგუნა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილს (N47, 856 ქულა) კი უკანასკნელ ხანს დაწინაურებული და წონაში ფრანგების ლიდერად ჩამოყალიბებული ლუკა მხეიძე (N33, 1293 ქულა).

66 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოში გამგზავრების უპირველეს პრეტენდენტთან, ვაჟა მარგველაშვილთან (N2, 5780 ქულა) ერთად საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი ნიკო ჭიკაიძე (N296, 22 ქულა) იასპარეზებს. ორივე მათგანი ბრძოლას მეთექვსმეტედფინალიდან დაიწყებს და მათი მეტოქეების ვინაობა საკვალიფიკაციო შეხვედრების შემდეგ გაირკვევა.

73 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური თამაშების ოქროს და ბრინჯაოს მედლების მფლობელთან და მესამე ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრების უცილო ფავორიტთან, ლაშა შავდათუაშვილთან (N2, 5721 ქულა) ერთად, 66 კგ-დან 73 კგ-ში ასული და ჯერჯერობით ურეიტინგო ლაშა გიუნაშვილი გავა ტატამზე. ლაშა შავდათუაშვილი შეჯიბრში მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვება და მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი, ლაშა გიუნაშვილის მეტოქე საკვალიფიკაციო შეხვედრაში კი ალჟირელი ფეტჰი ნურინი (N43, 1150 ქულა).

81 კგ წონითი კატეგორია იმ ერთი იშვიათ კატეგორიათაგანია, რომელშიც საქართველოს ნაკრებს ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრების აშკარა ფავორიტი არ ჰყავს. ამ წონაში საქართველოდან პარიზში ახალგაზრდა, 22 წლის ძიუდოისტი კობა მჭედლიშვილი იასპარეზებს. საკვალიფიკაციო შეხვედრას კობა მჭედლიშვილი (N100, 344 ქულა) ბელგიელ სამი ჩოუჩისთან (N16, 2580 ქულა) გამართავს.

90 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს წარმომადგენელი არ ეყოლება.

100 კგ წონით კატეგორიაში რიო დე-ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი ვარლამ ლიპარტელიანი (N1, 7408 ქულა) მეთექვსმეტედფინალიდან დაიწყებს ასპარეზობას და მისი მეტოქე ტაილანდელი ვეი პუიანგი იქნება. საქართველოს მეორე წარმომადგენელი ლაშა ტაველური (N50, 850 ქულა) ბრძოლაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება და მეტოქედ ამერიკელი ლ.ა. სმიტი III ეყოლება (N42, 973 ქულა).

+100 კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილის არყოფნაში ონისე ბუღაძე (N57, 715 ქულა) და გიორგი ზაქარიაძე (N126, 112 ქულა) შეეცდებიან წარმატებით ასპარეზობას. მათი მეტოქეები მეთექვსმეტედფინალში, შესაბამისად, ყაზახი ადილ ორაზბაევი (N120, 122 ქულა) და მონღოლი ოდხუ ცეცენცენგელი (N157, 56 ქულა) იქნებიან.

დღეს ძიუდოისტები მედლებს 60-66-73 კგ წონით კატეგორიებში გაითამაშებენ, ხვალ, გრანდ სლემის დასკვნით დღეს კი – დარჩენილ ოთხ წონაში.

მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...