დღეს ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა

1907 წლის 14 ნოემბერს, შვედეთში მწერალი ასტრიდ ლინდგრენი დაიბადა. მას დღეს 112 წელი შეუსრულდებოდა.

ასტრიდი დაიბადა სამხრეთ შვედეთში, ფერმერის ოჯახში. თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომებში ასტრიდი წერს, რომ იზრდებოდა “ცხენის” და “კაბრიოლეტის” ხანაში. გადაადგილების მთავარი საშუალება ცხენოსანი ეკიპაჟი იყო, ცხოვრების ტემპი უფრო ნელი, გასართობი საშუალებები – უბრალო, ხოლო ურთიერთობა ბუნებასთან – უფრო მეტი, ვიდრე დღეს.

თავად მწერალი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. მშობლები ყოველთვის ზრუნავდნენ მათზე, უფრო მეტიც – არასოდეს ერიდებოდათ თავიანთი უზომო სიყვარულის გამოვლენა, რაც იმ დროს იშვიათი მოვლენა იყო.

16 წლის ასაკში მან დაიწყო მუშაობა გაზეთში “Wimmerby Tidningen”. ორი წლის შემდეგ, ჯერ კიდევ ოფიციალურად გაუთხოვარი, იგი დაფეხმძიმდა და საცხოვრებლად სტოკჰოლმში გადავიდა. მან მდივნის კურსები დაამთავრა და 1931 წელს ამ სპეციალობით დაიწყო მუშაობა. 1926 წლის დეკემბერში მას ეყოლა შვილი ლარსი. ასტრიდს არ ჰქონდა საკმარისი ფული, რათა ერჩინა შვილი და იძულებული იყო, იგი დანიურ ოჯახში საცხოვრებლად დროებით გაეშვა. 1928 წელს მას მისცეს მდივნის ადგილი სამეფო ავტოკლუბში, სადაც მან გაიცნო სტურე ლინდგრენი. 1931 წელს მათ იქორწინეს და ასტრიდმა (რომელიც გვარით უკვე ლინდგრენი იყო) დანიიდან ლარსი ჩამოიყვანა.

მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს 85 ენაზე და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. მის ეკუთვნის წიგნები: “პეპი გრძელწინდა”, “კარლსონი”, “ლიონებერგელი ემილი”, “გამომძიებელი კალე ბლუმკვისტი”, “მადიკენი”, “ყაჩაღის ასული რონია”, “ჩვენც სალტკროკელები ვართ”, “ბიულერბიუელი ბავშვები”, “მიო, ჩემო მიო”, “ძმები ლომგულები”, “მაწანწალა რასმუსი” და სხვა. იგი 2002 წლის 28 იანვარს, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად