დღეიდან პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემა განაახლდება

ამის შესახებ ინფორმაციას იუსრიციის სამინისტრო ავრცელებს.

“დღეიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემას განაახლებს. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, დაჩქარებული მომსახურების მიღება შეუძლებელი იქნება და სერვისს მომხმარებელი ტრადიციულ ვადაში (10 დღე) მიიღებს.
ვისაც ბიომეტრიული პასპორტის აღება სურს და ერთხელ უკვე ჰქონდა აღებული ბიომეტრიული პასპორტი, მას შეეძლება განაცხადის გაკეთება my.gov.ge-ზე ან sda.gov.ge-ზე, ხოლო მზა დოკუმენტი დაინტერესებულ პირს ფოსტით გაეგზავნება.
ვისაც პირადობის ელექტრონული მოწმობის აღება სურს და ერთხელ უკვე ჰქონდა აღებული პირადობის ელექტრონული მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი, 13 აპრილამდე უნდა დაუკავშირდეს ცხელ ხაზს: 032 2 40 10 10. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის შეხვედრას და ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს; 13 აპრილიდან კი, მას შეეძლება განაცხადის გაკეთება my.gov.ge-ზე ან sda.gov.ge-ზე, ხოლო მზა დოკუმენტი დაინტერესებულ პირს ფოსტით გაეგზავნება.
პირი, რომელიც პირველად იღებს ბიომეტრიულ პასპორტს და მანამდე არასოდეს ჰქონია ბიომეტრიული პასპორტი, ან პირველად იღებს ელექტრონულ პირადობის მოწმობას და მანამდე არასოდეს ჰქონია ერთი ან მეორე დოკუმენტი, უნდა დაუკავშირდეს ცხელ ხაზს: 032 2 40 10 10. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის შეხვედრას და ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს.
სამოცდაათი წლის და მეტი ასაკის პირები პირადობის ელექტრონულ მოწმობასა და ბიომეტრიულ პასპორტზე განაცხადის გაკეთებას (მათ შორის, როცა პირველად იღებენ დოკუმენტს) სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ. ამისათვის მოქალაქემ უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე და ინფორმაცია მიაწოდოს ოპერატორს, რის შემდეგაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ეკიპირებული სააგენტოს თანამშრომლები განაცხადის მისაღებად და საჭირო პროცედურების განსახორციელებლად დაინტერესებულ პირს 10 დღის ვადაში მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ.
ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში მოქალაქე მზა დოკუმენტს ფოსტის საშუალებით მიიღებს” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად