დღეიდან ლარის გაცვლითი კურსი Bloomberg-ის Bmatch პლატფორმით დადგინდება

1 ოქტომბრიდან ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი Bloomberg-ის სავალუტო სისტემის Bmatch-ის მეშვეობით დადგინდება. ახალი სისტემა განსხვავდება იმით, რომ მისი მეშვეობით ვაჭრობაში პირდაპირი მონაწილეების სახით კომპანიებიც დაიშვებიან. 

აქამდე მოქმედ სისტემაში ჩართულები იყვნენ კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ისინი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შესახებ დებენ გარიგებებს იმის მიხედვით თუ როგორია მათი კლიენტების ჯამური მოთხოვნა ლარსა და უცხოურ ვალუტაზე. სავალუტო ბაზარზე ახალი წესების შემოღებით შესაძლებელი გახდება, რომ ვაჭრობის სისტემაში ჩართული პირების რაოდენობა და შესაბამისად, დღის განმავლობაში დადებული გარიგებების რაოდენობები გაიზარდოს. ამ პლატფორმით შესაძლებელი იქნება ბანკებმა გარიგებების შეთავაზებები უშუალოდ კლიენტი კომპანიების სახელით გააკეთონ.

ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ლალიაშვილმა გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში სავალუტო ბაზარზე დაგეგმილი ცვლილებების შესახებ განაცხადა, რომ ბანკებს კომპანიებისთვის შეეძლებათ შესთავაზონ ბირჟაზე ვაჭრობის მომსახურება, ამისთვის კი მათ სებ-ისგან სპეციალური წესები ექნებათ დადგენილი. გიორგი ლალიაშვილის თქმით, ბანკს ახალი წესების თანახმად, უნდა ჰყავდეს დაქირავებული თანამშრომელი, რომელიც კომპანიებისთვის ტერმინალის მეშვეობით შეასრულებს გარიგებებს, ასევე ბანკს უნდა ჰქონდეს განსხვავებული სადილინგო კოდიც მისი მთავარი სადილინგო კოდისგან, რომლითც გარიგებებს შეასრულებს.

“კომპანიას შეეძლება საკუთარ მომსახურე ბანკს დაავალოს, რომ გარიგება დადოს უშუალოდ ამ კომპანიის სახელით. Bmatch პლატფორმაზე განაცხადს დახვდება სხვა კომერციული ბანკის განაცხადი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განაცხადი, ან ასეულობით სხვა კომპანიის განაცხადი. შესაბამისად, შანსი იმისა, რომ ეს განაცხადი დაკმაყოფილდება ძალიან სწრაფად და რაც მთავარია, ბაზარზე იმ დროს არსებული საუკეთესო კურსით, არის ძალიან მაღალი. ეს არის Bmacth პლატფორმის ერთ-ერთი ღირსება უპირატესობა და ამით აქტიურად ისარგებლებენ კომპანიები.

Bmatch პლატფორმაზე კიდევ უფრო გაფართოვდება წრე. აქ მონაწილეთა სახით არიან ჩართული კომერციული ბანკები, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და 1 ოქტომბრიდან დაემატებიან კომპანიები. ანუ ერთ ადგილას, ერთ პლატფორმაზე, შესაბამისად, დიდი ალბათობაა, რომ გარიგებების თანხვედრა მოხდება ძალიან სწრაფად და იმავდროულად, ეს მოხდება საუკეთესო კურსით რაც იმ დროს არსებობს ბაზარზე. ამას უზრუნველყოფს Bmatch-ის ახალი პლატფორმა და სებ-ის ახალი წესები.

კომპანიებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა Bmatch-ის პლატფორმაზე პირდაპირ ივაჭრონ. ამისთვის ისინი უნდა გახდნენ Bloomberg-ის ტერმინალის მომხმარებლები. ვფიქრობთ, რომ ამ სერვისით ისარგებლებენ და უპირატესობას მიანიჭებენ მსხვილი კომპანიები. კომპანიებს შეეძლებათ, რომ არაპირდაპირაც ჩაერთონ. კომერციული ბანკი საკუთარ კლიენტს ამისთვის გადაახდევინებს მცირე ტარიფს, რომელიც ეროვნული ბანკის წესის მიხედვით იქნება ფიქსირებული”, – განაცხადა გიორგი ლალიაშვილმა.

წყარო: Bm.ge

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად