დღეიდან 20 სექტებრამდე, Fast and Furious 9-ის გადაღების გამო თბილისსა და რუსთავში გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე თბილისსა და რუსთავში ჰოლივუდის ფილმის – „Fast and Furious 9“-ის ერთ-ერთი ეპიზოდის დაგეგმილი გადაღებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

პირველ ეტაპზე, 18 აგვისტოს 07:00 საათიდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობა აიკრძალება იონა ვაკელის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ჩიხამდე, ანუ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის
ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან მეტროსადგურ „დელისამდე“.

შესაბამისად, მოძრაობა ცალმხრივად იქნება შესაძლებელი:

– ნუცუბიძის ქუჩაზე, ბუდაპეშტის ქუჩიდან თავაძის ქუჩამდე მონაკვეთში;

– თავაძის ქუჩაზე, ნუცუბიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით;

ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა იმოქმედებს 24-საათიან რეჟიმში, ხოლო ქვეითთათვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებიდან იონა ვაკელის ქუჩისკენ მოძრაობა დაშვებული იქნება სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადების სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

ავტოტრანსპორტის მოძრაობას 10 საპატრულო ეკიპაჟი არეგულირებს, რომლებიც შემდეგ ლოკაციებზე არიან განთავსებული: ვაჟა ფშაველას გამზირის და იონა ვაკელის ქუჩის კვეთა; კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთა; ნუცუბიძის ქუჩა; ნუცუბიძის და ასათიანის ქუჩების კვეთა; ვაჟა ფშაველას გამზირი (დელისი); ყაზბეგის გამზირისა და ასათიანის ქუჩის კვეთა; ყაზბეგის გამზირისა და იოანე ვაკელის ქუჩის გზაჯვარედინზე”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...