“დგამენ ამ კორპუსებს ფულიანი ბიძიები და ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე აკეთებენ ფულს”- შოთა გუჯაბიძე “რივიერაზე”

“გაწიე კედელი – ზღვა დამანახე”, “არა ჩაბეტონებას”, – მსაგვსი მოწოდებებით საზოგადოება „ბათომი“ დღეს უკვე „რივიერას“ პროექტის ფარგლებში იახტკლუბის მიმდებარედ 5 ცათამბჯენის მშენებლობას აპროტესტებს. ბათუმის ისტორიული იერსახის დამცველები ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ სანაპირო ყურეში უზარმაზარი შენობებით გამოწვეულ გეოლოგიურ, კულტურულ და ეკოლოგიურ საფრთხეებზე საუბრობენ, თუმცა მიუხედავად მწვავე პროტესტისა, 16 ივლისს ბათუმის საკრებულომ 17 ხმით პროექტის საქმის წარმოებას მხარი მაინც დაუჭირა. საზოგადოება “ბათომი”-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ ყველა მათგანმა დანაშაული ჩაიდინა, ამისთვის კი სამართლებრივი პასუხისმგებლობა მომავალში აუცილებლად მოუწევთ.

შოთა გუჯაბიძე “აიპრესს“ დეტალურად უყვება, თუ რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდება ბათუმი აღნიშნული ძვირადღირებული ინვესტიციის განხორციელების შემდეგ:

„პროექტზე უარყოფითი დასკვნა არსებობს, რომელიც ამბობს არ შეიძლება მშენებლობაო. ეს დასკვნა გაერომ დააფინანსა. ამაზე უფრო კომპეტენტური და სერიოზული კვლევა რა გვინდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დროს, ბათუმის ამჟამინდელი მერი, ლაშა კომახიძე ამ კომპანიაში მუშაობდა. ანუ 2013 წელს ლაშა კომახიძე არის წინააღმდეგი და 2019 წელს არის მომხრე და სად არის ჭეშმარიტი ლაშა კომახიძე? ორიდან ერთ შემთხვევაში ხომ იტყუება ეს ადამიანი?!“ – აცხადებს შოთა გუჯაბიძე.

2013 წელს სახელმწიფომ იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე UNDP-ის დაფინანსებით ჩაატარა კვლევა, რამდენად დასაშვებია აღნიშნულ კონცხზე მაღლივი კორპუსების მშენებლობა.  ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მაშინ ორგანიზაციაში პროექტების მენეჯერად მუშაობდა. დასკვნაში წერია: ”დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა“, – აცხადებენ სპეციალისტები.

 უფრო დეტალურაად რომ გვითხრათ,  რა ტიპის საფრთხეებზეა საუბარი და როგორ შეცვლის ისტორიულ იერსახეს  „რივიერას“ 5 ცათამბჯენი?

არის ბევრი გარემოება, რის გამოც არ შეიძლება ამ, რაღაც საშინელებების მაგ ადგილას აშენება:

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ისტორიულ-კულტურული გარემო. ეს არის ბათუმის ყველაზე ძველი ნაწილი, ქალაქის განაშენიანება დაიწყო მაქედან. შესაბამისად მას შემდეგ, რაც გაჩნდა მცნება ისტორიული ზონა, ყოველთვის გამონაკლისის გარეშე  ეს ადგილი შედის ამ ისტორიულ ზონაში. ახლა ჩვენ, რომ ვითხოვთ ზონის დამტკიცებას და ა.შ. რეალურად ზონის გაზრდას ვითხოვთ, თორემ ბევრი დოკუმენტი არსებობს ძველი, სადაც ბათუმის ისტორიული ზონა განსაზღვრულია. ჩვენ უბრალოდ ამის მომატებას ვითხოვთ და რომ არ გავართულოთ ამოცანა და   ხალხისთვის გაუგებარი არ გახდეს, იმიტომ ვამბობთ ასე. მაგალითად გუშინ, რომ არ მომცეს საკრებულოში სიტყვით გამოსვლის უფლება, ერთი დოკუმენტი მქონდა მოტანილი, რომელიც არის 1995 წლის დოკუმენტი, სადაც არის განსაზღვრული ისტორიული ზონის საზღვრები. მასში შედის რა თქმა უნდა ეს ადგილი და  წერია მკაფიოდ – „ამ ზონაში დაუშვებელია სამ სართულზე მაღალი შენობის აშენება.“

სამ სართულზე მაღალი და  55 სართულზე კი საერთოდ არ არის საუბარი, ან ბიძინა ივანიშვილის ხუშტურებზე კი არ არის. შესაბამისად ეს არის დანაშაული. იმ ადამიანებმა, რომლებმაც აქ ხელი აუწიეს  გუშინ თუ გუშინწინ პროექტის განხორციელებას, დანაშაული ჩაიდინეს. მე უბრალოდ სხდომაზე ეს მინდოდა მეთქვა, რა დანაშაულს ჩაიდენდნენ ამით. მერე რომ დაიბარებენ და დაკითხავენ ამ ხალხს და პასუხს აგებინებენ ერთ დროს, რომ არ მოიდებილონ თავი, ისედაც არ აკლიათ, არ თქვან,  არ ვიცოდით ამის შესახებო. მე მათი დასჯა კი არ მადარდებდა და ეს პრინციპი კიარ მამოძრავებდა, უბრალოდ ვცდილობდი დამეცვა რაღაც ფორმით მაინც  ისტორიული ქალაქი.

მეორე: გვაქვს ჩვენ ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, რომელზე მუშაობა 2007 წელს უკვე დასრულებული იყო, რომელშიც მკაფიოდ, მკაცრად არის განსაზღვრული რეგულაციები.  ამ გეგმის მიხედვით  ქალაქის ეს ნაწილიც ისე უნდა განაშენიანდეს, როგორც მიმდებარე ტერიტორია. ეს ნიშნავს  ერთი, ორი, ან მაქსიმუმ სამ სართულიან შენობას, როგორიც იყო ისტორიული ბათუმი. ზონირების გაუქმება პირდაპირ არის მიბმული ამ რივიერასთან, იმიტომ რომ ეს მეპატრონე ვინც არის, გუშინ  ბიძინა ივანიშვილმაც დაადასტურა, რომ თვითონ არის. ამათ ხუშტურებზე დადის  ჩვენი ხელისუფლებაც. როგორც თითს დაუკრავს, ესენიც ისე ცეკვავენ, თორე აქ კანონი, რეგულაციები, სამართალი, სინდისი, ნამუსი, რა თქმა უნდა  აბსოლუტურად უგულვებელყოფილია.

ანუ „რივიერას“ მშენებლობის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, ამას ამბობთ?

კი „პანორამაზე“ პარალელით  ბიძინამ პრაქტიკულად გუშინ ეს დაადასტურა. თანაც, ოფიციალური დოკუმენტი არის, რომ ეს თანაინვესტირების ფონდიდან ფინანსდება ეს კომპანია.

ოფიციალურად „სილქროუდ ჯგუფი“ ახორციელებს ამ პროექტს, ანუ ფიქრობთ რომ ამ კომპანიასთან რაიმე კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილს?

„სილქროუდ ჯგუფი“  ფულს იღებსთანაინვესტირების ფონდიდან“ და „თანაინვესტირების ფონდის“ შექმნით ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში გვეკეკლუცებოდა.

ჩვენ წერილით მივმართეთ პრემიერმინისტრს, რომ უკანონოდ იქნა ამოღებული კვლევიდან  გარკვეული ზონები და მათ შორის ეს რივიერას ტერიტორია. მივმართეთ პრემიერს, იმიტომ რომ ამ ადამიანებთან ლაპარაკს უკვე აზრი აღარ  ჰქონდა, ავტონომიური რესპუბლიკის დონეზე ვამბობ. პრემიერის რეაგირება ის იყო, რომ დაავალა ეროვნულ სააგენტოს სასწრაფოდ განიხილეთო. თვიდან ზონის დოკუმენტი იყო მომზადებული. მერმა გააკეთა ამისი პრეზენტაცია, მგონი ეს აპრილის თვე იყო წინა წლის და საკრებულოს კი წარუდგინა სხვა დოკუმენტი.

რამდენიმე უბანი ამოღებული იყო აქედან თვითნებურად. „საია“ ამბობს, რომ ეს არის დანაშაული, ამის გაკეთება არ შეიძლებოდა  საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე. მერმა სულ სხვა დოკუმენტი გვაჩვენა და სულ სხვა წარუდგინა საკრებულოს, რომელიც დაამტკიცა. შემდეგ პროცედურა არის ის, რომ  უნდა დაამტკიცოს კულტურის სამინისტრომ, შემდეგ პრემიერმინისტრი აწერს ხელს. ეს პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ეტაპი გავლილია, მაინც გაჭიანურდა. კულტურის სამინისტრომ არ მიიღო ეს ამოღებული დოკუმენტი იმიტომ რომ ეს კვლევა, რომელიც ამას ადასტურებს არის სამასი გვერდი და დაწერილი არის  ყველაზე კომპეტენტური ადამიანების მიერ. წარმოიდგინე ახლა შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანს რომ შევადაროთ, ამ დონის ნაშრომია. გარდა მაგისა, ბევრი პრობლემა არის რატომ არ უნდა აშენდეს. არის  გეოლოგიური პრობლემა, არის ასევე კულტურული პრობლემა,  არის სამართლებრივი, ასევე არის განიავების. ყველა კომპონენტში პრობლემა არის. ერთი მიზეზიც კი არ გვაქვს მსგავსი რაღაც საშინელების აშენების. გარდა ერთი ადამიანის ხუშტურისა, რომელიც თვლის რომ ეს ქვეყანა არის მისი ყანა, სხვა არაფერი.

განიავების პრობლემაში რას გულისხმობთ, რომ დაგვიკონკრეტოთ?

პრაქტიკულად იქ არის ერთი ღია სივრცე დარჩენილი, საიდანაც ჩანს ზღვა და ქალაქს აქვს ზღვასთან ბმა. სხვა შემთხვევაში ყველაფერი გადახერგილია. ზღვასთან ბათუმს ბმა აღარ აქვს. იმიტომ, რომ დგამენ ამ კორპუსებს ფულიაანი ბიძიები და ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე აკეთებენ ფულს. ეგ არის ეხლა ერთი ადგილი დარჩენილი და წარმოგიდგენია იქ ექვსი კორპუსი, რატომ უნდა ჩაიდგას?

6-ის ნაცვლად 5 კორპუსის მშენებლობაზე დაიწყო საქმის წარმოება საკრებულოს გადაწყვეტილებით..

ჰო 6 და 5 ერთი და იგივეა. ვითომ მადლობელი უნდა ვიყოთ ერთი მოგვაკლეს, თუ რაღაც სისულელე. თითქოს რაღაცას ცვლიდეს. შესაბამისად იქ კედელი აშენდება შენობების. ასეთი ფრაზაც კი თქვა მერმა: „ამბობენ, რომ ეს ჩახერგავს თუ გადაკეტავს ჰაერს, მაგრამ პირიქითო“… აი, პირიქით როგორ შეიძლება იყოს?!   ანუ ამ ადამიანს ყველაფრის თქმა შეუძლია ყველანაირი ლოგიკის გარეშე. და კიდევ ერთი მთავარი გარემოება, ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქალაქი ამბობს არას. მოსახლეობამ მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას, გამოვიდა ქუჩაში და ქალაქის ნება არის ყველაზე მთავარი. კანონშიც რომ ეწეროს, ქალაქის პოზიცია არის მთავარი და არა ვინმე გალსტუკიანი ბიძიის ხუშტური.

საკრებულოს სხდომაზე პროექტის განხორციელების მხარდასაჭერად მისულმა მერაბ ღოღობერიძემ თქვა რეპლიკის სახით და ასევე ადრე აჭარის მთავობის თავმჯდომარემაც  ერთხელ ინტერვიუში, რომ „გარკვეული პიროვნებები ამ ტიპის პროტესტის სანაცვლოდ წილში ჩაჯდომას ითხოვდნენ.“ რა შეგიძლია თქვა ამის შესახებ, გაქვს რაიმე ტიპის ინფორმაცია თქვენგან, ან ვინმეს თქვენი ორგანიზაციის სახელით ეწარმოებინოს გარიგებაზე კომუნიკაცია მერიასთან ან მთავრობასთან?

აი რა გითხრა, მერაბ ღოღობერიძეს და თორნიკე რიჟვაძეს მე დაახლოებით ერთ სიბრტყეზე განვიხილავ და მაგათ ბჟუტურზე, რა თქმა უნდა, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

ანუ გამორიცხავ, რომ ვინმეს ამ ტიპის გარიგებები ეწარმოებინა?

ვინმეს ვის? მე შემიძლია საკუთარ თავზე გაგცე პასუხი და ვინმე ვინ, საქართველოს მოქალაქე მივიდა ბიძინასთან და მოთხოვა წილი? რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი. თორნიკე რიჟვაძემ საქმე უნდა აკეთოს ქვეყნის. ავტონომიური რესპუბლიკის პირველი პირია და რაღაც ჭორაობით და მჩხიბაობით კი  არ უნდა იყოს დაკავებული. ადამიანი, რომელიც ცნობილია, ის რა თქმა უნდა ისტორიაში ვერ შევა, მარა თუ ვინმე სადმე დაგუგლავს აღმოაჩენს, რომ ეს ტიპი რაღაც ხან ბარიგობას გვაბრალებს, ხან ქარავანი, აქლემი, ძაღლი.. რაღაც სერიოზული პრობლემები აქვს ამ ადამიანს,  კომპლექსების   შენიღბვას ცდილობს, რაღაც ჭორების გავრცელებით. ცხადია, რომ ეს ადამიანი აშკარად ქალაქის წინააღმდეგ არის წასული, ქვეყნის წინააღმდეგ არის წასული და რაღაც დანაშაულის ჩადენის ზღვარზეა. ზონალური საბჭო კიდე რაღაც ცალკე პრობლემებიშია და დანაშაულის ნიშნებია.

 რას აპირებთ? საკრებულომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება საქმის წარმოების დაწყებაზე, მალე დაიწყება საჯარო განხილვები „რივიერას“ პროექტის დიზაინთან დაკავშირებით?

აქ რაღაც აუცილებელი პირობები არის პროექტის განხორციელებისთვის. მნიშვნელოვანია საჯაროობა. უნდა შეხვდეს ადამიანებს, ვინც ამ პროექტით არის დაინტერესებული, ან ჯგუფებს, იმათი აზრი მოისმინოს და გაითვალისწინოს. ეს რა თქმა უნდა, იქნება ტყუილი და ფორმალური ალბათ. ვიღაც ტიპები, რაღაცაებში გაურიგდებიან. მე მგონი, რომ თუ კი ვინმე არის ქალაქში ორგანიზაცია,  ვინც   ბათუმის ისტორიულ-კულტურული გარემოს დაცვა-შენარჩუნებას ცდილობს ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც მე წარმოვადგენ („ბათომი“) და ჩვენი აზრი მე მგონი აშკარა და მკაფიო არის.  რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რომ ამ ადამიანებმა პასუხი აგონ, განსაკუთრებით ლაშა კომახიძემ, რომელიც მე ვფიქრობ, რომ უკვე გავიდა ყველანაირი იურიდული ჩარჩოებიდან და  ცუდად იქცევა. ამისთვის მან აუცილებლდ უნდა აგოს პასუხი.

რას გულისხმობთ, სასამართლოში შეიტანსთ სარჩელს?

სასამართლოში სარჩელი შეტანილი გვაქვს უკვე.  არ ვიცი ეხლა რამდენი ხანი შემორჩება ეგ, თითქოს და რაღაც ფორმალური გარანტიები ჰქონდეს ხელშეუხებლობის, მაგრამ  არ ვიცი ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცია და მოესწრება იმას, რომ თავისი ცუდი საქმიანობისთვის პასუხი აგოს.

ჩვენ სასამართლოში ვამბობთ, რომ ზონირების დოკუმენტიდან თვითნებურად ამოიღო, რამდენიმე ზონა, მათ შორის „რივიერას“ ტერიტორია და აქ არის დანაშაულის ნიშნები, როგორც  იურისტები ამბობენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიჰყავს ეს საქმე.

ანუ ამის პარალელურად კიდევ ერთი დავის დაწყებას აპირებთ, თუ რა ფორმით გააგრძელებთ ბრძოლას?

რაც ჩვენს ძალებშია და სამართლებრივ ჩარჩოებს არ სცდება, ყველანაირ მეთოდს გამოვიყენებთ. რა თქმა უნდა შევცვლით ბრძოლით ვითარებას, არა თუ შევცვლით, არამედ  ამ ადამიანებს პასუხს ვაგებინებთ და ვფიქრობ, რომ მშენებლობის შეჩერებასაც შევძლებთ.

ე.წ. „რივიერას“ პროექტის ღირებულება მილიარდს აჭარბებს და 5 ცათამბჯენის მშენებლობის გარდა კომპანია „სილქროუდ ჯგუფი“  იახტკლუბისა და მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებასაც იღებს. ბათუმის მერმა „აპირესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ  პროექტის განხორციელების პროცესში 2 000 ადამიანი დასაქმდება, უსაფრთხოების ნორმები კი სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული.

ავტორი: მაია შავაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად