დევიდ ლინჩი საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავს

დღეს, "თბილისი მერიოტში" ცნობილი ამერიკელი რეჟისორის, სცენარისტის, მუსიკოსის, პროდიუსერისა და დამოუკიდებელი კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის დევიდ ლინჩის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.

როგორც პრესკონფერენციაზე „დევიდ ლინჩის ფონდი კავკასიის“ პიარ მენეჯერმა ნინა ცაგარელმა განაცხადა, ლინჩი და მისი გუნდი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან და თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ ისაუბრებენ. გუნდი შეხვედრებს გამართავს საქართველოს კულტურის მინისტრთან, თბილისის მერთან, პრემიერმინისტრთან, განათლების მინისტრთან. ცაგარელის თქმით, აღნიშნული შეხვედრები უკვე დაგეგმილია.

"დევიდ ლინჩის ვიზიტი განპირობებულია ამა წლის 25 ივლისს დევიდ ლინჩის ფონდის ჩამოყალიბებასთან კავკასიაში, რომელიც მოიცავს სამ ქვეყანას – სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს.

ჩვენი სტუმრები საქართველოში პირველად ჩამოდიან. რამდენიმე მათგანმა საერთოდ არც კი იცოდა სად არის საქართველო, ვინ ვართ ჩვენ და ამიტომ, ჩვენმა ჯგუფმა მათთვის საქართველოს კულტურის, ისტორიის, ტრადიციების გაცნობა გადაწყვიტა.

სტუმრებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა ისაუბრონ ჩვენი მთავრობისა და პარლამენტის მთავარ პირებთან და განიხილონ შესაძლებლობები შესაძლებელ თანამშრომლობაზე კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში", – აღნიშნავს ნინა ცაგარელი.

ცნობისთვის, დევიდ ლინჩის ფონდი 2005 წელს აშშ-ში თავად დევიდ ლინჩის მიერ დაარსდა. ძირითადი ფილიალები ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და უკრაინაში მუშაობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად