დევიდ კრამერი: ეს საქართველოსთვის ძალიან ცუდი დღე იყო და პრემიერი უნდა გადადგეს

„საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც დღეს მოხდა, არამარტო იმიტომ, რომ მათ არ დაგმეს ის რაც მოხდა, არამედ იმიტომ, რომ ხელი შეუწყვეს [მომხდარს]. ეს საქართველოსთვის ძალიან ცუდი დღე იყო და ჩემი აზრით, პრემიერ მინისტრი უნდა გადადგეს, მაგრამ არ მგონია, რომ ამას გააკეთებს“, – აცხადებს დევიდ კრამერი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

„ჩვენ [შეერთებულ შტატებში] უნდა მოვითხოვოთ ღარიბაშვილის გადადგომა და სანქციები იმათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია იმაზე, რაც დღეს საქართველოში მოხდა“, – აცხადებს დევიდ კრამერი საქართველოში დღეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

„თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები თბილისის ცენტრში „ღირსების მარშის“ გამართვის საწინააღმდეგოდ 5 ივლისს დილიდან შეიკრიბნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა, რომ პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მოგვიანებით “ღირსების მარში” ორგანიზატორებმა გააუქმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში დაკავებულია 11 პირი. სულ იძალადეს 55 ადამიანზე, რომელთაგან 53 მედიის წარმომადგენელია.

კომენტარები
იტვირთება...