Deutsche Welle: საქართველოს ახალი პრემიერი ავიაკომპანია Lufthansa-ს ყოფილი მენეჯერი გახდა

გერმანული გამოცემა Deutsche Welle საქართველოს ახალი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას შესახებ სტატიას აქვეყნებს.

„საქართველოს ახალი პრემიერმინისტრი 44 წლის გიორგი გახარია გახდა, რომელიც მანამდე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 8 სექტემბერს მის კანდიდატურას მხარი თბილისის პარლამენტის 98 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია, ვინაიდან ოპოზიციურმა პარტიებმა ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

ახალი თანამდებობის რანგში სიტყვით გამოსვლისას, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გააგრძელებს გზას, რომელმაც საქართველო ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებამდე და აშშ-სთან ურთიერთობის გაღრმავებამდე უნდა მიიყვანოს. თუმცა, მისის თქმით, დღეისათვის ქვეყნის ყველაზე სერიოზული პრობლემა დე ფაქტო აფხაზეთისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სიტუაციაა.

სექტემბრის დასაწყისში საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობა მამუკა ბახტაძემ დატოვა, რომელიც ხელისუფლების სათავეში 2018 წლიდან მოყოლებული იდგა.

საქართველოს ოპოზიცია მკვეთრად ნეგატიურადაა განწყობილი ახალი პრემიერმინისტრის მიმართ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გიორგი გახარიას აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა ქართული საზოგადოებისთვის სახეში შეფურთხება იქნებოდა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო, როდესაც რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტების დარბევა მოხდა, ხალხი კი, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გახარიას გადადგომას მოითხოვდა.

გიორგი გახარია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის მაგისტრანტია. 2008-დან 2013 წლამდე იგი აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს ბიზნესის განვითარების დირექტორი იყო. 2016 წლის ნოემბრიდან იგი იკავებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას, ხოლო 2017 წლის ნოემბრიდან – შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის პოსტს.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყნის პრემიერმინისტრს პარლამენტი ამტკიცებს, შემდეგ კი ხელისუფლების ახალმა მეთაურმა დეპუტატებს კაბინეტის განახლებული შემადგენლობა უნდა წარუდგინოს, რომელსაც ქვეყნის პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს. მთელი ეს პროცედურა კი წინა პრემიერმინისტრის თანამდებობიდან წასვლიდან ორი კვირის განმავლობაში უნდა მოხდეს.“ – წერია სტატიაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...