დეპუტატმა მერია ყემბერიზმში დაადანაშაულა

სიტყვა "ყემბერიზმს" გუგლის საძიებო სისტემა არ ეძებს. თუმცა ბათუმის საკრებულის დეპუტატებს ამ სიტყვის განმარტების საკუთარი ვერსიები აქვთ… ყველაფერი კი თამარის დასახლების პრობლემებით დაიწყო…

დღეს, ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმამაღალი საუბრისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. დაპირისპირებით გამოწვეული ხმაურის გამო, საკრებულოს სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც საკრებულომ შესვენების შემდეგ განიხილა იაფი ბინის პროექტს ეხება. მერიის წარმომადგენლების განცხადებით, მოსახლეობასთან შეუთანხმებლობის გამო, თამარის დასახლებაში იაფი სახის პროექტი აღარ განხორციელდება და ამისათვის ჯავახიშვილის  ქუჩა შეირჩა. ოპოზიცია ამ ცვლილების წინააღმდეგია, თუმცა უმრავლესობამ საკრებულოზე ცვლილება მაინც დაამტკიცა. თავისუფალი დემოკრატების განცხადებით, მერიამ თამარის დასახლებაში ბარაკებში მცხოვრებლებთან მოლაპარაკება არასათანადოდ აწარმოა, ამიტომაც ვერ მოხდა მოსახლეობის დათანხმება კუთვნილი ბარაკების დათმობის სანაცვლოდ კომპენსაციის აღებისა.

მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელის ერგასლან ლომაძის ინფორმაციით, ბარაკებში მცხოვრებთა კომპენსაცია  400-დან 500 დოლარმდე თანხას გულისხმობდა ერთ კვადრატულ მეტრში, მოსახლეობის ნაწილმა ამ თანხაზე უარი განაცხადა, მერიამ კი ექსპოპრიაციას არ მიმართა და პროექტის განხორციელება სხვა ადგილას დაგეგმა. მერიის წარმოამდგენლებმა საკრებულოს დეპუტატებს განუცხადეს, რომ ნაციონალური მოძრაობა მივიდა ბარაკებში მცხოვრებ მოსახლეობასთან და ისინი ერთგავარად აამხედრა, რასაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების გაზიღიანება მოყვა.

მერიასა და ბარაკებში მცხოვრებ მოსახლეობას შორის მოლაპარაკებების ჩაშლას „თავისუფალი დემოკრატები“ გამოეხმაურნენ. „ყემბერიზმია ის, რასაც თქვენ, მერია აკეთებთ“ – უპასუხა დეპუტატმა ჯაბა ბერიძემ მერიის წარმომადგენლებს.

სიტყვა ყემბერიზმს გუგლის საძიებო სისტემა არ ეძებს. ჩვენ ვეცადეთ დეპუტატებთან გაგვერკვია რას ნიშნავს ყემბერიზმი. გამონათქვამის ავტორი ამბობს, რომ ეს სიტყვა უსაქმურობას ნიშნავს. მისივე თანაგუნდელი კობა ჩხეიძე ხუმრობით ამბობს, რომ ეს არის სიტუაცია, როცა ადამიანს შინაგანად შარვალი ნასკებში აქვს ჩატანებული, ხოლო გარეგნულად ე.წ. „სვეცკად“ აცვია. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინმა სხდომა გაამხიარულა, სიტყვის მნიშვნელობა არ იცის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილმა. „ალბათ უსაქმურობას, არ ვიცი, ჯაბას კითხეთ“ – ამბობს იგი. სიტყვის გამოყენებაში პოლიტიკური მნიშვნელობა დაინახა უმრავლესობის წარმოადგენელბმა ნატალია ზოიძემ -„ჯაბას არ უნდა ნაციონალების ტერმინი „უმოქმედობა“ გამოიყენოს და ალბათ სინომიმებს ეძებს“.

რა თქმა უნდა, არც ყემბერიზმი არსებობს და არც ყემბეროლოგია, თუმცა ამ ტერმინს აჭარაში უმოქმედობის, უნიათობის სინონიმად იყენებენ.

 

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე 18 საკითხის განხილვას 6 საათამდე დრო დაჭირდა. იყო დებატები, წამოძახილი, სიცილი, ყვირილი, თითის ქნევა, გაბრაზება, შექება, თუმცა ეს სხდომა ჟურნალისტებს და სხდომის დამსწრეთა ნაწილს მაინც ახალი ტერმინით, ყემბერიზმით დაამახსოვრდება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად