“დემოკრატიის კარებში უკანალით შევედით, თავი კი კომუნიზმში დაგვრჩა” – ფოთელი მეეზოვე 26 წლიანი სტაჟით

ფოთელი 40 წლის კონსტანტინე გერგაულოვი, 26 წელია რაც მეეზოვეა. ის პირველი კურსის სტუდენტი იყო, როდესაც დასუფთავების სამსახურში დაიწყო მუშაობა. „აიპრესთან“ დიდი სიამაყით ჰყვება, თუ როგორ შეხვდა პირისპირ საქართველოს პრეზიდენტს ედურად შევარდნაძეს და როგორ ჩამოართვა მას ხელი.

უყვარს მოწესრიგებული სკვერების, ქალაქის ხედების გადაღება და სოციალურ ქსელში გამოქვეყნება. ამბობს ყველას მოსწონს დასუფთავებული ქუჩები, მაგრამ ნაგავს მაინც ძირს ყრიან.

პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი როდესაც ამ სფეროში დავიწყე მუშაობა. ეს სრულიად შემთხვევით მოხდა. გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ერთ-ერთი კორპუსის ეზოს ვგვიდი, დამინახა დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელმა, რომელიც რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიის მოსაწესრიგებლად თანამშრომელს ეძებდა და დამიძახა. უკვე 26 წელია, რაც ამ სფეროში ვმუშაობ. ათასი ხელმძღვანელი გამოვიცვალე. თავად პრეზიდენტმა შევარდნაძემ ჩამომართვა ხელი, თურმე არ დაიჯერა, რომ არის ერთი ბიჭი, რომელიც ქუჩებს გვის. მაშინ „მოქალაქეთა კავშირის“ წევრი ვიყავი. სპეციალურად გამომიძახეს, რომ შევარდნაძეს ხელი ჩამოერთვა ჩემთვის. ასე რომ, პრეზიდენტი პირისპირ მყავს ნანახი.

სხვა სამსახურში გადასვლა არ შემოუთავაზებიათ?

არა, მსგავსი არაფერი ყოფილა. როგორც ვიცი უმაღლეს სასწავლებელში ერთ-ერთი წარჩინებული სტუდენტი იყავი… რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგიური დავამთავრე. ეს სპეციალობა დღეს არავის არ უნდა. ვერ დაგეთანხმები, რუსული ენის სპეციალისტი საკმაოდ მოთხოვნადი პროფესიაა… ყველა სკოლაში თავიანთ ახლობლებს და ნათესავებს უძახიან.

ერთხელ ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მივედი, მასწავლებლებმა რომ დაინახეს პერსინგი, აღშოთდნენ, ასეთი გარეგნობით, როგორ უნდა ასწავლო ბავშვებსო. ვუთხარი, მოვიხსნი, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ საბოლოოდ მაინც უარი მითხრეს. ჩვენთან საქართველოში, ხალხი საბჭოურ აზროვნებაშია ჩარჩენილი. აი, მაგალითად მე გავიკეთე ავანგარდული ვარცხნილობა, მიხდება, მაგრამ მაინც დაიწყეს ცუდი სიტყვების ლაპარაკი. სანამ „ფეისბუქგვერდზე“ მწარედ არ დავწერე, მანამ არ გაჩერდნენ.

რა დაწერე? როგორ აუხსენი საზოგადოებას შენი პოზიცია?

აი, ახლა ვცხოვრობთ თანამედროვე საზოგადოებაში, რომელიც ევროპისკენ, დემოკრატიისკენ მიისწრაფის, მაგრამ საბჭოური აზროვნება თუ დარჩა, ამას რა ჰქვია? გამოდის, დემოკრატიის კარებში უკანალით შევედით, თავი კი კომუნიზმში დარჩა. ამიტომაც ვცხოვრობთ უკანალში! გული მტკივა, რომ ახალგაზრდები ფიზიკურად სამუშაოდ ევროპაში მიდიან, რადგან აქ არ უნდათ მუშაობა. აი, მე ვარ ცოცხალი მაგალითი, 26 წელია დასუთავების სამსახურში ვარ, გავიკეთე ევროპული სტილის ვარცხნილობა, შევიღებე თმები. რატომ არ მბაძავენ? იმიტომ, რომ ეშინიათ, უყურებენ ვინ რას იტყვის, აი ამაშია ქართველების პრობლემა.

მაგის გამო მუშაობის პროცესში, რაიმე უსიამოვნება ხომ არ შეგემთხვა, რა რეაქცია აქვთ გამვლელებს, როდესაც ქუჩებს ასუფთავებ?

ყველა კმაყოფილია, მაქებენ, მაგრამ მაინც ანაგვიანებენ ქუჩებს. აღმაშენებელზე, სადაც სკამებია, ყველგან მზესუმზირის და პაპიროსის ნარჩენები ყრია. მინდა მივმართო ქალაქის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ დანაგვიანებაზე ხალხი დააჯარიმონ და ეს თანხა ჩვენ დაგვიმატონ, რადგან გასამრჯელო ძალიან ცოტაა. 130 ლარია ერთი პერიმეტრის დასუფთავება, მე ორს ვხვეტავ, პლიუს 50 თეთრს გვიქვითავენ ნაგავის გადასახადს, ვფიქრობ ეს უსამართლობაა. კომუნალურ გადასახადს მთლიანად ვიხდით, გაგვინახევრონ მაინც. ჩვენ მტვერს ვისუნთქავთ, თავდაუზოგავად ვშორომბთ, შვებულება კი უფასოა. ხომ შეიძლება ცოტა პატივისცემა გამოიჩინონ ჩვენს მიმართ, ასე როგორ უნდა ვიცხოვროთ?

როგორ იწყება შენი ერთი ჩვეულებრივი დღე? და თუ გაქვს ხოლმე განსაკუთრებული შემთხვევები დილის 5 საათზე?

ყოველ დღე დილის 5 საათზე ვდგები, პირვლ რიგში ვკითხულობ ლოცვებს, 6 საათზე სამსახურში გავდივარ. დააახლოებით ორი საათი ვმუშაობ, შემდეგ ბინის ეზოს ვასუფთავებ ისევ ორი საათი და სადღაც 11-სთვის შემოვდივარ სახლში, ვიმზადებ საუზმეს, შემდეგ მივდივარ ბაზარში. შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე ეკლესიაში დავდივარ.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც ძალიან მძიმე სიტუაცია მქონდა ოჯახში და ცხოვრება უკვე შავად მეჩვენებოდა, მუშაობის დროს შევამჩნიე ძირს ეგდო ქაღალდი, მინდოდა ცოცხით გადამეხვეტა, მაგრამ ამ დროს ყურში რაღაც ხმამ ჩამჩურჩულა – აიღე. რომ ავიღე და გადავაბრუნე, ღვთისმშობლის ხატი აღმოჩნდა. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიიდან დავიწყე სულიერი გზა, სადაც ანგელოზმა მიმიყვანა. უკვე მეოცე წელია ამ ცხოვრებით ვცხოვრობ, არაერთი სასწაული მოხდა ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ ყველაფერს ვერ მოვყვები. სახლში პატარა სამლოცველო კუთხე მაქვს, სადაც ქუჩაში, სანიაღვრე არხებში, მიტოვებულ შენობებში ნაპოვნი, ასევე ჩემს მიერ შეძენილი ხატები მიდევს.

სსიპ კოლეჯ „ფაზისში“ ახალ პროფესიას ეუფლები, სამომავლოდ ახალი გეგმები გაქვს?

მამაკაცის და ქალის სტილისტი ვარ. ასევე გავიარე მიმტანის კურსები. ვფიქრობ, თბილისში ან ბათუმში გადავალ სამუშაოდ. ფოთში ბევრია სალონი, ამიტომ ვერ მიმიღებენ ფიზიკურად, თან აქ დაბალი ანაზღაურებაა. რაც ეკლესიაში დავიწყე სიარული, მთელი ჩემი იმედი ღმერთია, ვემორჩილები უფლის ნებას. არ ვიცი როგორ მოხერხდება.

ბავშვობაში რაზე ოცნებობდი?

ბავშვობაში მინდოდა პოლიტიკოსი გამოვსულიყავი, მაგრამ მწარე რეალობამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. დიდ ტკივილს ვატარებ. როგორც რუსი ეროვნების მოქალაქემ, გადავიტანე ზვიად გამსახურდიას პერიოდი. მაშინ სკოლაში ვსწავლობდი, რა არ მესმოდა აქ, ამ ქალაქში, ეს ყველაფერი ჩემში დარჩა. საქართველოში დავიბადე და გავიზარდე, აქ არის ჩემი სამშობლო.

ვარ უცოლო, თუ რომელიმე გოგოს უნდა ჩემი გაცნობა, „პუსტ პაზნაკომიტსა“. ერთხელ, როდესაც ვმუშაობდი, ორმა ქართველმა გოგონამ ჩამიარა, ერთმანებს გადაულაპარაკეს: რა კარგი ბიჭია, მაგრამ რა ცუდი სამსახური აქვსო. თურმე ქმარს სამსახურის მიხედვით ირჩევენ.

აი, ასეთი არასასიამოვნო სიურპრიზის მოწმე გავხდი. შენ თვითონ რატომ არ იჩენ ინიციატივას? არ ვეძებ იქით. მე მორიდებული ადამიანი ვარ, თუ ვინმე გოგოს მოვწონვარ, მოვიდეს.

ინტერვიუ მოამზადა ანა ჯახაიამ

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად