“დელტა”, თავდაცვითი გვირაბი და თანამშრომლები, რომლებიც უჩა ძოძუაშვილს არ სჭირდება

სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის "დელტას" დირექტორი უჩა ძოძუაშვილი მიიჩნევს, რომ გასულ წელს ცენტრიდან გათავისუფლებული 70 თანამშრომელი დაწესებულებას არ სჭირდებოდა. თავდაცვითი დანიშნულების გვირაბი, რომელსაც საქართველოში "დელტას" გვირაბმშენის განყოფილება აშენებდა, არც ხელისუფლებისთვის და არც "დელტას" ხელმძღვანელისთვის მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა.

საქმე საქართველოში მშენებარე თავდაცვითი დანიშნულების გვირაბს ეხება, რომლის მშენებლობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში შეჩერდა.

სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი 2012 წლამდე შესრულდა, რაშიც ათობით მილიონი დოლარი დაიხარჯა. ასევე, სპეციალური გადამზადება უცხოეთში გაიარა "დელტას" ათობით თანამშრომელმა, რაშიც სახელმწიფომ მნიშვნელოვანი რესურსი დახარჯა. სახელმწიფომ მაშინ სპეციალური ტექნიკაც ჩამოიყვანა უცხოეთიდან, რომლის ანალოგიც საქართველოში დღემდე არ არსებობს. ტექნიკა საქართველოშია, თუმცა სამუშაოების შეჩერებიდან დღემდე, ერთხელაც არ ან ვერ გამოუყენებიათ.

2012 წლიდან 2014 წლამდე ხსენებული 70 თანამშრომელი ისევ "დელტაში" მუშაობდა, რომლებსაც სამხედრო დანიშნულების გვირაბის მშენებლობის გარდა, სხვადასხვა სამუშაოების შესრულება უხდებოდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ძირითად ობიექტზე "დელტას" დარგის სპეციალისტები 2 წლის განმავლობაში "არ სჭირდებოდა", ისინი მხოლოდ 2014 წელს გაანთავისუფლეს. უჩა ძოძუაშვილი 2015 წლის ივნისში "აიპრესთან" საუბრისას ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ "დელტას" გარკვეული მომენტიდან აღარ დასჭირდება გარკვეული დარგის სპეციალისტები, მეორე დღესვე გაანთავისუფლებს.

"თუ ერთ მშვენიერ დღეს დელტა გადაწყვეტს, რომ მექანიკური დამუშავება მას არ სჭირდება, ყველა მექანიკური დამუშავების შესაბამის თანამშრომელს გაუშვებს სახლში. თუ გადაწყვეტს რომ გვირაბების მშენებლობა სჭირდება, მაშინ გვირაბების მშენებლობის თანამშრომლებს აიყვანს სამსახურში.

ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ საჭიროებებზე, რაც დელტას გააჩნია და არა ამა თუ იმ სამინისტროს. ეს არის დელტას ინტერესებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება"

თუმცა მიუხედავად ამისა, გვირაბის მშენებლობა შეჩერებულია, გამოდის, გვირაბის მშენებლობა სახელმწიფოს არ სჭირდებოდა?

ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობაა გვირაბების მშენებლობასთან დაკავშირებით. მე შემიძლია ნამდვილად გითხრათ, რომ დელტას ასეთი შტატი და ასეთი მიმდინარეობა არ აქვს და არ სჭირდება.

დელტა არა პოლიტიკური ხედვებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს, დელტა იღებს გადაწყვეტილებებს თავისი საჭიროებებიდან გამომდინარე… ის თანამშრომელი დელტასთვის მომზადდა, საქართველოში მომზადდა… ეს სხვა საკითხია. დელტა როგორც მოამზადებს შესაბამის სპეციალისტს, მიიღებს სარგებელს და ამ სარგებლის ამოღებიდან გამომდინარე ან აგრძელებს ან არა ურთიერთობას.

სჭირდება ახლა? სეტყვის საწინააღმდეგო მოწყობილობა ხვალ მაგალითად თუ აღარ დასჭირდა საქართველოს, ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც სეტყვის საწინააღმდეგო მოწყობილობაზე მუშაობს, გავუშვებ სახლში. ანალოგიურად არის აქ ყველაფერი… რა შუაშია დელტა და გვირაბები, გაუგებარია, სამშენებლო კომპანია არ ვართ",- განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა.

"აიპრესის" ინფორმაციით, თავდაცვითი დანიშნულების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი 2010 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო. პროექტის განხორციელებას პირადად ხელმძღვანელობდა იმდროინდელი მინისტრი ბაჩო ახალაია, შემდეგ კი საქმე ირაკლი ალასანიამ გადაიბარა. მშენებლობის შეჩერება "აიპრესთან" ინტერვიუში,  2015 წლის 19 თებერვალს დაადასტურა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამაც, რომელმაც განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გვირაბის მშენებლობის შეჩერების შესახებ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით იქნა მიღებული. 

"აიპრესის" ინფორმაციით, აღნიშნული ობიექტის მშენებლობა დღემდე შეჩერებულია.

"ივანიშვილის გადაწყვეტილებით შევაჩერეთ" – რა სტრატეგიულ ობიექტზე საუბრობს ალასანია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად