უკრაინის ახალი ეკლესია კონსტანტინოპოლის გარდა, სულ სამმა ეკლესიამ აღიარა. ავტოკეფალიური, დამოუკიდებელი კი სულ 15 ეკლესიაა და მაინც და მაინც საქართველოზე რატომ კეთდება აქცენტი?! ჩვენ ველოდებით, უკრაინელი ხალხი რას გადაწყვეტს. ჯერ მათ ვერ გადაუწყვეტიათ, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამა ანდრიამ ისაუბრა უკრაინაში არსებულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რომელიც იურიდიულად მოსკოვის დაქვემდებარებაშია.

„შესაძლოა, ჩვენ მასშტაბის წარმოდგენა გვიჭირს, თუ რა ეკლესიაა ის, რომელიც იურიდიულად მოსკოვს ექვემდებარება და რა რაოდენობის მრევლი შეიძლება იყოს იქ. მათ 12 ათასი სამრევლო ჰყავთ, 16 ათასი სასულიერო პირი, 4 ათასზე მეტი - ბერი, 114 - მღვდელმთავარი და 262 მონასტერი აქვთ. 114 მღვდელმთავრიდან, კარგად რომ გვესმოდეს, ესენი არ არიან რუსეთიდან მივლინებული მღვდელმთავრები, ესენი არიან უკრაინელი სასულიერო პირები, რომელთაგან მხოლოდ 2 გადავიდა ახალ უკრაინულ ეკლესიაში, რომელმაც ტომოსი მიიღო. 2018 წლიდან მხოლოდ 2 მღვდელმთავარი გადავიდა. შეკითხვაზე, რატომ არ მისცა საქართველოს ეკლესიამ თანხმობა იმ ტომოსს და უკაცრავად, ეს ღლიცინი, რით ვერ წაიკითხეთ ტომოსი?! ამ 114 უკრაინელ მღვდელმთავარს ჰკითხონ, წაიკითხეს, თუ ვერ წაიკითხეს ტომოსი?

გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ აღნიშნული ეკლესია კონსტანტინოპოლის გარდა, სულ სამმა ეკლესიამ აღიარა. ავტოკეფალიური, დამოუკიდებელი კი სულ 15 ეკლესიაა და საქართველოზე რატომ ხდება მაინც და მაინც აქცენტი?! ჩვენ ველოდებით, უკრაინელი ხალხი რას გადაწყვეტს. ჯერ მათ ვერ გადაუწყვეტიათ“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრიამ.

მან კიევ-პეჩორის ლავრის პრობლემაზეც ისაუბრა. მისივე თქმით, ვინც იცავს ლავრას და ვინც უტევს ლავრას, ორივე მხარეს დგანან ვეტერანები, რომელთაც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლეს.