დეგნანი: ვსწავლობთ თქვენს უნიკალურ ენას – ვიმედოვნებთ, შევძლებთ “ვეფხისტყაოსნის” ქართულად წაკითხვას

ა.შ.შ.-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს მოსახლეობას მიმართავს.

„გამარჯობათ, მე ვარ კელი დეგნანი ვარ, ჩემთვის დიდი პატივია, ვიმსახურო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად საქართველოში.
გულითად მადლობას გიხდით თბილისში ჩამოსვლის დღიდან გულთბილი დახვედრისთვის და ყველა პოზიტიური და გულწრფელი გზავნილისთვის, რომელიც თქვენგან მივიღე ჩემს დანიშვნასთან დაკავშირებით.
საქართველო ამერიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მე არ დავიშურებ ძალისხმევას შევინარჩუნო არსებული მჭიდრო კავშირი და ვეძიო თანამშრომლობის ახალი არეალი ჩვენ ორ ქვეყანას შორის.
თითქმის 30 წელია, რაც ამერიკა ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ საქართველოს დავეხმარეთ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სასამართლო სისტემის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში.
ჩვენ მხარს ვუჭერთ განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების განვითარებას, რათა ხელის შევუწყოთ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ყველა ქართველისთვის. კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მითუმეტეს ამ საარჩევნო წელს. რათა უზრუნველვყოთ ნამდვილი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში.
მე და ჩემი პარტნიორი დაგი მოუთმენლად ველით საქართველოს მდიდარი კულტურისა და ისტორიის გაცნობას.
ჩვენ უკვე გვქონდა შესაძლებლობა გაგვესეირნა თბილისში და გვენახა რამდენიმე მუზეუმი. უკვე მოვიხიბლეთ საზოგადოებრივი ხელოვნებითა და ძველი არქიტექტურით.
დაგი მწერალია და ალბათ მართებულია, რომ პირველი საჩუქარი, რაც აქ მივიღეთ არის „ვეფხისტყაოსნის“ უმშვენიერესი გამოცემა.
იმედი გვაქვს, რომ ერთხელაც შევძლებთ ამ წიგნის ქართულად წაკითხვას. თუმცა ჯერ ვსწავლობთ თქვენს უნიკალურ ენას.
რაც შემეხება მე, მე კალიფორნიიდან ვარ და უკვე 26 წელია დიპლომატიურ სამსახურში ვმსახურობ.
ვმუშაობდი პაკისტანში, ბოცვანში, თურქეთში, ავღანეთში, კოსოვოში, იტალიასა და ნატოს შტაბბინაში ბრიუსელში. და რა თქმა უნდა, მიმუშავია ვაშინგტონში სხვადასხვა დროს. ბოლოს ვმსახურობდი ევროპასა და აფრიკაში, აშშ-ის საზღვაო ძალების სარდლის მრჩევლად საგარეო პოლიტიკის საკითხებში.
მინდა გითხრათ, რომ საქართველო დიდი პატივისცემით სარგებლობს ამერიკის სამხედრო წრეებში საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში შეტანილი კონკრეტული წვლილისა და მტკიცე ძალისხმევისთვის, რომ გააძლიეროს საკუთარი საზღვრების დაცვა.

სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობის დაწყებამდე, რამდენიმე წელი ვიყავი იურისტი. ასევე ვმუშაობდი ჟურნალისტად, სამართალი და ჟურნალისტიკა დემოკრატიის ორი უმთავრესი საყრდენია და არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის.
უკვე ვიხილე, რომ ორივე მათგანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართულ საზოგადოებაში.
აქ ჩვენი პატარა კატაც ჩამოვიყვანეთ, მას „ბირბა“ ჰქვია, რაც ქართულად „ონავარს“ ნიშნავს. ისიც სიამოვნებით ეცნობა თავის ახალ სახლს.
მე და დაგი მოუთმენლად ველით ამ ულამაზესი ქვეყნის გაცნობას და ზოგიერთ თქვენგანთან შეხვედრას.
თქვენს ქალაქებსა და სოფლებში, ტყეებსა და მთებში სტუმრობისას იქნებ სალაშქრო ბილიკებზეც კი შევხვდეთ ერთმანეთს. ჩვენი ახალი თავგადასავალი ეს- ესაა იწყება.
ჩემთვის მართლაც დიდი პატივია გავუძღვე საელჩოს გუნდს და ვიმუშაო ქართველ მეგობრებთან ერთად მშვიდობიანი და წარმატებული საქართველოსთვის.
ამერიკელებს და ქართველებს ბევრი საერთო გვაქვს და დარწმუნებული ვარ ჩვენი მეგობრობა დიდხანს გაგრძელდება!“ – აცხადებს კელი დეგნანი ვიდეო მიმართვაში, რომელსაც საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად