დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ ბრიტანელებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელიზაბეტ II-მ თანამოქალაქეებს COVID19-ის წინააღმდეგ აცრისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ ვაქცინა, რომელიც მან იანვარში მიიღო, სრულიად უმტკივნეულო იყო. იუწყება BBC.

94 წლის დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ და მისმა მეუღლემ, პრინც ფილიპმა, რომელიც წელს 100 წლის ხდება, ვაქცინის პირველი დოზა იანვარში მიიღეს. ჯანდაცვის წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენციის დროს დედოფალს ჰკითხეს კორონავირუსის ვაქცინის მიღების გამოცდილების შესახებ.

“ჩემი აზრით, ეს იყო სრულიად უმტკივნეულო პროცედურა. ყველაფერი ძალიან სწრაფად წარიმართა, შემდეგ მე მრავალი წერილი მივიღე ხალხისგან, რომლებიც გაკვირვებულნი იყვნენ იმით, თუ რამდენად მარტივი იყო ვაქცინაციის პროცედურა”, – თქვა ელიზაბეტ II-მ.
ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპი ქვეყანაში 8 დეკემბერს დაიწყო. ვაქცინა მიიღეს 70 წელს გადაცილებულმა მაცხოვრებლებმა, სამედიცინო და სოციალურმა მუშაკებმა.

ვაქცინაციის მეორე ეტაპი დიდ ბრიტანეთში გასულ კვირას დაიწყო. ვარაუდობენ, რომ 15 აპრილამდე ვაქცინირებულთა რაოდენობა 30 მილიონს გადააჭარბებს.

ამ დროისთვის სამეფოს მცხოვრებლებს უტარდებათ ვაქცინაცია ამერიკული კომპანია Pfizer– ისა და მისი გერმანელი პარტნიორის BioNTech– ის, აგრეთვე ბრიტანულ – შვედური კომპანია AstraZeneca– ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ წარმოებული წამლებით. საერთო ჯამში, ბრიტანეთის ხელისუფლებამ შეუკვეთა ვაქცინების 450 მილიონზე მეტი დოზა რვა მწარმოებლისგან. წლის ბოლოს მოსალოდნელია ისიც, რომ ბავშვებიც აიცრებიან. დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყნის მაცხოვრებელთა 92% აპირებს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...