დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, მუშთაიდის ბაღში 5 სექტემბერს, 14:00-დან 20:00 საათამდე, თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალზე მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილე კომპანიებისგან სხვადასხვა მომსახურება განსაკუთრებულ ფასად მიიღონ, ასევე, გაეცნონ სიახლეებს საბავშვო მიმართულებით, ბავშვებს კი სახალისო და შემოქმედებითი აქტივობები ელით.

საფესტივალო აქტივობები განაწილებულია ექვს ზონაში. სპორტული ზონა მოიცავს სპორტულ სკოლებს, წრეებს, მუნიციპალურ სპორტულ ა(ა)იპ-ებს; განათლების ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან საკვირაო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები. ჯანმრთელობის ზონა დაეთმობათ ბავშვთა კვებისა და ჰიგიენური პროდუქციის მწარმოებლებს, ბავშვთა კლინიკებს, საგანმანათლებლო მიმართულებით მომუშავე ა(ა)იპ-ებს, გართობის ზონა მოიცავს გასართობ ცენტრებს, ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიებს და კვების ობიექტებს, საბავშვო „სტარტაპების“ ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან სათამაშოებისა და ტანსაცმლის მწარმოებლები, კულტურული ზონა კონცერტსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს დაეთმობა.

ფესტივალის ფარგლებში, ასევე, წარმოდგენილი იქნება მუნიციპალური პროგრამები სპორტული, სახელოვნებო და საგანმანათლებლო მიმართულებით. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, რომელიც სტუმრებს საბავშვო ლიტერატურაზე განსაკუთრებულ ფასდაკლებას შესთავაზებს.
საბავშვო ფესტივალის სცენაზე გაიმართება ჯგუფის – „მარტივი გამოსავალი“ კონცერტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად