დედა-შვილის ფერები – გამოფენა ფოლკლორის ცენტრში

9 წლის ლაშა ლაბაძისა და მისი დედის – თაკო მეგრელიძის ერთობლივი გამოფენა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში 18 ნოემბერს გაიმართება.

,,ხატვის დროს ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. როცა მეუბნებიან, რომ ჩემი ნამუშევრები მოსწონთ აი, მაშინ ვარ ყველაზე ბედნიერი. ძირითადად ცხოველებს ვხატავ. ფერებს კარგად ვერ ვარჩევ. მაგალითად, ხშირად დამიხატავს ხეები წითლად, მზე მწვანედ და ზღვა იასამნისფრად. სტანდარტულ ფერებში რომ არ ვხატავ მე თვითონ მომწონს, ჩემებური ფერები მაქვს“ – ამბობს ლაშა.

ლაშამ ხატვა 3 წლის ასაკში დაიწყო. შვილის ფანტაზია და ფერის სიყვარული თაკოსთვის, რომელიც დიზაინერია, სტიმული გახდა ხატვა დაეწყო – ,,ცხოვრებაში ფუნჯი არ მკავებია. ნინო მირიანაშვილთან დადის ლაშა ხატვაზე. ერთხელაც მოვინდომე ჩემებური ფერებით შემექმნა ნამუშევარი. მახსოვს, ბროწეული დამიდო მასწავლებელმა და მთხოვა დამეხატა. ბოლოს მითხრა ასეთი შემოქმედებითი ბროწეულის ნახატი არ მინახავსო. ამის შემდეგ დავიწყე ფერების სამყაროში მოგზაურობა და ვეღარ გავჩერდი“.


დედა-შვილი არაერთ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას აწყობს. ტრადიციად აქციეს შემოსული თანხით ყოველწლიურად სოფელ გამარჯვებაში მცხოვრებ შვიდშვილიან ოჯახს დაეხმარონ. ეს გამოფენაც საქველმოქმედოა, – ,,დაბადების დღე აქვს ერთ-ერთ ბავშვს 17 დეკემბერს და გვინდა გავახაროთ“ – ამბობს თაკო.
გამოფენაზე აგრეთვე წარმოდგენილი იქნება თაკო მეგრელიძის მიერ შექმნილი სამკაულები, ნაქსოვი აქსესუარები და საახალწლო დეკორი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად