დე ფაქტო ცხინვალი: გაფრინდაშვილი მიზანმიმართულად, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვისაა დაკავებული

ცნობილი ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი სამხრეთ ოსეთში, მინიმუმ ორი თვით, “სახელმწიფო საზღვრის მიზანმიმართულად, უკანონო გადაკვეთის გამო” დააკავეს. სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა.

“სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად, მის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჯერჯერობით იგი წინასწარი გამოძიების ფარგლებში, ორი თვით დააკავეს, შემდეგ კი სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს ვუთხარით, რომ ეს ადამიანი განზრახ არღვევს საზღვარს და მის პასუხისმგებლობას არ სცნობს”,- განუცხადა მან ჟურნალისტებს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე, განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განმეორებითი დარღვევები გახშირდა. სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, მან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ მხარეებმა საზღვარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საერთო გამოსავალი ვერ იპოვეს.

”საქართველოს მხრიდან ჟენევის დისკუსიების თითქმის ყველა რაუნდი მუდმივად სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებებით ხორციელდება”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

რამდენიმე დღის წინ, რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავეს, რომელსაც ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამ ფაქტს, ქვეყნის მასშტაბით პროტესტი მოჰყვა. თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა “თეთრი ხალათების” აქცია. ექიმები, დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებისგან ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

ასევე, ილია II ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, რუსეთის პატრიარქს მიმართავს .

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა 2019 წლის 17 ნოემბერს განაცხადა, რომ ოკუპანტების მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება რამდენიმე დღეში მოხდება. თუმცა, ის ამ დრომდე არ არის გათავისუფლებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად