დე ფაქტო აფხაზეთი: ვგმობთ სულეიმანის ლიკვიდაციის თაობაზე აშშ-ს ტერაქტს, რაც რეგიონში ომის დაწყებას ისახავდა მიზნად

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა აშშ-ს ჯარის მიერ ირანელი გენერლის კასემ სულეიმანის ლიკვიდაცია დაგმო. საოკუპაციო რეჟიმა ბაღდადის აეროპორტთან პენტაგონის სარაკეტო იერიშებს “სახელმწიფო ტერორიზმის უზარმაზარი და უპრეცედენტო მაგალითი” უწოდა,-ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც დე ფაქტო პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, ადგილობრივ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ასეთი ქმედებები არაპროგნოზირებადი შედეგებით, კაცობრიობას მსოფლიოს სხვა ომის ზღვარზე აყენებს.

“ამერიკამ მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დარღვევით ტერორისტული ქმედება ჩაიდინა, რაც სრულად უგულებელყოფს სხვა პოლიტიკოსთა პოზიციებსა და ღირებულებებს მსოფლიო პოლიტიკაში ”, – ნათქვამია განცხადებაში.

დე ფაქტო დეპუტატებმა სამძიმარი გამოუცხადეს კასემ სულეიმანის ოჯახს, ასევე ირანის ხელმძღვანელობასა და ხალხს.

”ჩვენ მოვუწოდებთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და მსოფლიოს სახელმწიფოების წარმომადგენლობით ორგანოებს, დაგმონ ტერორისტული აქტი, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში ომის დაწყებას,” – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” დაწერა, რომ  აშშ-ს ლეგიტიმური უფლება აქვს, საკუთარი მოქალაქეები დაიცვას.

“ჩვენ დავგმეთ ბოლოდროინდელი ძალადობა, ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე პროვოკაციული თავდასხმა. აშშ-ს ლეგიტიმური უფლება აქვს, საკუთარი მოქალაქეები დაიცვას. მოვიდა დიპლომატიის დრო, რათა ამ გზით დაძაბულობა შემცირდეს”,-დაწერა დავით ზალკალიანმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე”.

ცნობისთვის,  ერაყში ამერიკელი სამხედროების მიერ ჩატარებული სპეციალური ოპერაციის დროს ირანის სპეცრაზმის “კუდსის” მეთაურის კასემ სულეიმანისა და ერაყში პოპულარული სახალხო მობილიზაციის ძალების (SNM) მეთაურის მოადგილის აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისის ლიკვიდაცია განხორციელდა. საპასუხოდ, ირანმა ერაყში აშშ-ს სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

8 იანვარს, ამერიკის შერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა თეთრ სახლში საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ ირანს ეკონომიკურ სანქციებს უწესებს.

“ჩვენ ვაგრძელებთ ანალიზს, თუ რა პასუხი უნდა გავცეთ ირანს. აშშ ირანს ეკონომიკურ სანქციებს უწესებს. ირანის სამხედრო აგრესია მას შემდეგ გაიზარდა, რაც მან ხელი ბირთვულ შეთანხმებას მოაწერა. გაიზარდა სამხედრო დაფინანსება რამდენიმე მილიარდი დოლარით. ის დაკავებული იყო თავისი სამხედრო ძალების გაძლიერებით”- განაცხადა ტრამპმა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად