დავითაშვილი: საკარანტინო ზონებში სურსათის და პირველადი მოხმარების ნივთების დეფიციტი არ შეიქმნება

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საკარანტინო ზონებში სურსათის და პირველადი მოხმარების ნივთების დეფიციტი არ შეიქმნება. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში მუშაობს.

„სურსათის მიწოდების ჯაჭვი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. არის დამატებითი გაიდლაინები საკარანტინო ზონებთან სურსათის ოპერატორებთან დაკავშირებით. სადაც უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გამკაცრებულია. იმისთვის რომ დაავადების გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ“, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საკარანტინო ზონებში პროდუქციის შეტანა ორგანიზებულად მოხდება.„მძღოლებს ექნებათ სპეციალური ეკიპირება, მანქანები გაირეცხება სპეციალური ხსნარით“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 67 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან სულ გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად