დავითაშვილი: იმისთვის, რომ არ იყოს დაურეგისტრირებელი მიწები, 2020 წლიდან სისტემურ რეგისტრაციას დავიწყებთ

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, მინისტრთა კაბინეტმა იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტს დაამტკიცა მიწის რეგისტრაციას საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო მარტივად შეძლებენ.

საქართველოს კანონის პროექტი “სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და “მედიაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” პარლამენტს წარედგინება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილის თქმით:

“ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმის დასაწყისი, რომელიც საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ მიწის რეგისტრაციის დასრულებას უნდა ისახავდეს მიზნად. ეს არის პრობლემა, რომელიც ქვეყანას დამოუკიდებლობის მიღების პერიოდიდან უდგას. ეს არის ჩვენი სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მიწის ბაზრის განვითარება ძირითადი საფუძველია სოფლის მეურნეობის განვითარების.

ძალიან ბევრ სოფლის მეურნეობის ხელშემწყობ პროგრამას ვახორციელებთ, მაგრამ, იმისთვის, რომ ამა თუ იმ აპლიკანტმა, განმცხადებელმა თუ პოტენციურმა ბენეფიციარმა პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა, ყველა პროგრამის განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა რეგისტრირებული მიწის ფლობა. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი სირთულე დაგვხვდა, 90-ანი წლებიდან მოყოლებული, რამდენჯერმე ჩატარდა მიწის პრივატიზება, მიწის რეფორმა და რეგისტრაცია, თუმცა ერთი რეგისტრირებული ფენა ჩვენ ვერ შევძელით და ვერ მივიღეთ მრავალი წლის განმავლობაში, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ სირთულეს მოიცავდა ეს საკითხი თავის თავში. ამაზე წლებია მათ შორის ჩვენი გუნდი მუშაობდა და საბოლოოდ, ის პაკეტი, რომელიც დღეს არის პარლამენტისთვის წარმოდგენილი, ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად.

ამავე დროს არ შეიძლება არ გამოვეხმაურო იმ საკითხს, რაზეც იუსტიციის სამინისტრო მუშაობდა ძალიან ინტენსიურად ბოლო წლების განმავლობაში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ ჩამოგვეყალიბებინა სწორად მეთოდოლოგია, თუ როგორ წარგვემართა მიწის სისტემური რეგისტრაცია და ჩემი კოლეგა საუბრობდა ამაზე, რომ გარდა იმ სპორადული რეგისტრაციის, რომელსაც ჩვენ პრაქტიკულად ბოლო წლებში ვახორციელებთ და რომელიც უკვე უვადოდ გაგრძელდა, სახელმწიფო უკვე 2020 წლიდან დაიწყებს მასშტაბურ, სისტემურ რეგისტრაციას.

ეს არის ერთადერთი გამოსავალი, ჩვენ დაურეგისტრირებელი მიწები არ გვქონდეს. ეს ასევე საფუძველია იმის, რომ განვითარდეს მიწის ბაზარი, მიწა თავისუფალ მიმოქცევაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველია იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა განვითარდეს”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად