დავითაშვილი: დაგეგმილია 150 კმ-მდე სატყეო-სამეურნეო გზების და ტყის მეურნეობების აღდგენა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობაზე.

„ჩვენი ქვეყნის 40 % ტყით დაფარულია. ვფიქრობ, ბუნებრივი რესურსებიდან ეს არის ყველაზე დიდი სიმდიდრე, რომელიც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია.
საკმაოდ რთულ და სავალალო მდგომარეობაში იყო აღნიშნული სექტორი. შესაბამისად, რამდენიმე წლის წინ დაიწყო კომპლექსური რეფორმა და დღეს, უკვე პარლამენტთან ვმუშაობთ ახალი კოდექსის მიღებაზე, რომელიც აბსოლუტურად ახალ საკანონმდებლო სივრცეს ქმნის, ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით, რაც აუცილებელი წინაპირობაა, რომ შევინარჩუნოთ ბუნებრივი რესურსები და მან თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.
დაგეგმილია 150 კმ-მდე სატყეო-სამეურნეო გზების, საქმიანი ეზოების მოწყობა, ტყის მეურნეობების აღდგენა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო სავარაუდოდ, მიიღებს 32 მილიონ დოლარიან დაფინანსებას, იმისთვის, რომ ჩვენ სწორად გავაკეთოთ ინვესტიციები სატყეო სექტორის განვითარებისთვის. ეს, პირდაპირ კავშირშია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.
ბიომრავალფეროვნება, ჩვენი ბუნება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრეა. ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენება, შენარჩუნება/კონსერვაცია ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ახალ კანონმდებლობაზე ვმუშაობთ პარლამენტთან ერთად. ბიომრავალფეროვნების დაცვის შესახებ ახალი კანონი შექმნის საკანონმდებლო საფუძველს და ჩამოაყალიბებს პოლიტიკას ჩვენი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების კუთხით“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, შეიქმნა ველური ბუნების ეროვნული სააგენტო, რომლის ძირითადი ფუნქციებია: ფლორისა და ფაუნის სახეობათა ეტაპობრივი აღრიცხვისა და შემდგომი მონიტორინგის და კვლევების ორგანიზება, აღწარმოებისთვის საჭირო სამუშაო გენოფონდის შექმნა, ნადირობისა და სპორტული თევზჭერის რეგულირება; კერძო სექტორისთვის სახეობათა გასამრავლებელი მასალისა და საკონსულტაციო მომსახურებების მიწოდება; მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ ვქმნით გარემოსდაცვითი კუთხით სწორ ეკონომიკურ ურთიერთობებს, რაც კონსერვაციისა და დაცვის ყველაზე ეფექტური მექანიზმია. უნდა აღინიშნოს, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობისა და კონტროლის კუთხით გარკვეული პროგრესი უკვე სახეზეა. გამკაცრდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მერქნიანი მცენარეების უკანონო მოპოვების, ნადირობის წესების დარღვევისა და წიაღისეულის უკანონო მოპოვების შემთხვევებში. ასევე, გამკაცრდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სახერხი საამქროების რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირების, წითელი ნუსხით დაცული სახეობების მოპოვების, ასევე ყველაზე მანკიერი პრაქტიკის – ელექტროშოკური აპარატის ან ასაფეთქებლების გამოყენებით თევზჭერის შემთხვევებზე,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ განხორციელდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სრული რებრენდინგი, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. აღსანიშნავია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების ხელფასის ზრდა, რეინჯერების ხელფასი 100%-ით – 450 ლარიდან 900 ლარამდე უკვე გაიზარდა. ასევე, მიმდინარეობს აღნიშნული უწყებების თანამშრომელთა სადაზღვეო პაკეტებით უზრუნველყოფა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება, რაც ეფექტიანი კონტროლის საშუალებას მოგვცემს.
2019 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გამოავლინა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 6 036 ფაქტი, მათ შორის სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდა 469 საქმე, რომლებიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა საგამოძიებო ორგანოებს.

2019 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, განხორციელდა რეგულირების ობიექტების 1805 ინსპექტირება, აქედან შემოწმებული ობიექტების 31%-ში დარღვევა არ გამოვლინდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...