დავითაშვილი: ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე არ შეცვლილა

„ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები არ შეცვლილა – ჩვენ აქცენტი ყოველთვის გვქონდა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე. პროდუქტიულობის და კონკურენტუნარიანობის ზრდა, ეს არის ის მიმართულებები, რომლებიც ჩვენ დამტკიცებულ სტრატეგიებში გვაქვს და რომელსაც, სხვადასხვა სამოქმედო გეგმის მიხედვით, სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით” – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა..

ეს პროგრამები დაფინანსებულია ბიუჯეტიდან. დამატებითი დახმარების პაკეტი, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღის წინ გვქონდა, უკავშირდება კრიზისს. არაერთხელ განგვიცხადებია და პრემიერმა დღესაც განაცხადა, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზი შესაძლებლობებად უნდა ვაქციოთ. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მიუბრუნდა სოფელს და დაიწყო ფერმერული საქმიანობა იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკის სტრუქტურა გარკვეულწილად შეიცვალა. როდესაც ადამიანებს ჰქონდათ შეზღუდული სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობა, ობიექტური პირობებიდან გამომდინარე, როდესაც გვქონდა შეზღუდული მობილობა, მკაცრ საკარანტინო პირობებში ფერმერული საქმიანობა, დაშვებული იყო არა მხოლოდ საქართველოში, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ღია სივრცეში მუშაობა ნაკლები რისკის მომტანია, რაც, შესაბამისად, შესაძლებლობებს ქმნის ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვისაც მიწა აქვს ლეგალურად, რომ ფერმერული საქმიანობა განავითარონ. სწორედ ამიტომ, ჩვენ მათ ახალ შესაძლებლობებს ვაძლევთ. ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად ლოგიკურია და თანხვედრაშია იმ პოლიტიკასთან, რომელიც გვაქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ სტრატეგიული მიმართულებების მხარდაჭერას – ეს არის ფერმერების კონკურენტუნარიანობის ზრდა, მეტი კომერციალიზაცია, მეტი კოოპერაცია იმისთვის რომ ისინი იყვნენ კონკურენტუნარიანები და მდგრადები. რა თქმა უნდა, აქცენტი კვლავ გვაქვს მაღალი ღირებულების და საექსპორტო კულტურებზე. სამინისტროს არცერთ პროგრამაში კორექტირება არ გაუკეთებია ამ კუთხით. აქცენტი იქნება მეხილეობის იმ მიმართულებებზე, რომელსაც სახელმწიფო ბოლო წლებია ინტენსიურად აფინანსებს” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად