დავითაშვილი: ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი უწყების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, დარგობრივი ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლებს სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის შედეგები გააცნო.

„ქვეყნისათვის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი. მნიშვნელოვანია, რომ 2019 წელს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ორი ახალი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სადგური დაემატა და დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით უკვე 8 ერთეული ავტომატური სადგური ფუნქციონირებს. რაც საშუალებას გვაძლევს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე დაკვირვების არეალი“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, 2020 წელს დაგეგმილია ახალი მობილური ავტომატური სადგურის შეძენა დასავლეთ საქართველოსთვის, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნება ჰაერის ხარისხის დადგენა სხვადასხვა ლოკაციაზე.

ლევან დავითაშვილი: 2019 წელს აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა 31% -ით გაიზარდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2019 წელი შეაჯამა, მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აგროდაზღვევის პროექტის მნიშვნელობასა და წარმატებაზე ისაუბრა.

„2014 წლამდე არ არსებობდა მექანიზმი, რომლითაც ფერმერებს შეეძლოთ კლიმატური რისკებისგან დაეცვათ საკუთარი მოსავალი. აგროდაზღვევის პროგრამის გაჩენით, დაზღვევა იმ ფერმერებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ვისაც მცირე მეურნეობა აქვთ და ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფო თანადგომა. აგროდაზღვევის პროგრამა არის ინსტრუმენტი, რომლითაც უფრო პროგნოზირებადი ხდება სოფლის მეურნეობა და დაინტერესებული პირებისთვის უფრო მიმზიდველი ხდება დარგში ინვესტირება“, – განაცხადა მინისტრმა.

სახელმწიფო სადაზღვევო ინდუსტრიასთან ერთად მუშაობს აგროდაზღვევის პროგრამის გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნაზე, რათა ეს პროგრამა გახდეს სისტემური. წლიდან წლამდე იზრდება პროგრამაში მონაწილე ფერმერთა რაოდენობა და ამის ნათელი მაგალითია ის, რომ 2019 წელს 2018 წელთან შედარებით, აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა 31%-ით გაიზარდა. 2019 წელს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 16,400 პოლისი. სახელმწიფო სუბსიდიის თანხამ 5,846,000 ლარი შეადგინა. ფერმერებმა ანაზღაურების სახით 913,000 ლარი მიიღეს.

გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა.

საქართველოს მოსახლეობის გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის და ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მუდმივად მართავს სხვადასხვა სახის ტრენინგებს, ლექცია-სემინარებსა და საინფორმაციო შეხვედრებს.

მნიშვნელოვანია, რომ 2019 წელს ცენტრმა საქართველოს მასშტაბით სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების სახელმძღვანელოს დანერგვა დაასრულა. 2020 წელს დაგეგმილია გარემოსდაცვითი განათლების სახელმძღვანელოს დანერგვა სკოლებში დაწყებითი საფეხურების მასწავლებლებისთვის. 2019 წელს ცენტრმა დაიწყო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებში გადამზადდა 300-მდე მეპაიე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის მიზნით ღონისძიებების ჩატარებას 2020 წელსაც აქტიურად გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად