დავითაშვილი: 2019 წელს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, 2019 წლის შედეგებზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება გარემოსდაცვითი კონტროლის გაძლიერებაზე გაამახვილა. მისი თქმით, ამ მიმართულებით, უმნიშვნელოვანესია, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მაკონტროლებელი ორგანოს – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილებათა მანდატისა და შესაძლებლობების გაძლიერება.

2019 წელს, საქმიანობის ეფექტიანობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, მოხდა დეპარტამენტის სრული რებრენდინგი. დეპარტამენტის თანამშრომელთა რაოდენობა 411-დან 870 ერთეულამდე გაიზარდა. ტექნიკურ შემადგენლობას კი, მაღალი გამავლობის 65 ავტომანქანა და 2 „ბაგი“ დაემატა, ეკიპაჟები აღიჭურვა თანამედროვე მოწყობილობებით, კეთილმოეწყო რეგიონული სამმართველოების ოფისები.

2019 წელს განხორციელდა ღონისძიებები თანამშრომელთა სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფად – თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა-აღკვეთას, უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური დაცვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის გარანტიებით.

დღეს, დეპარტამენტის თანამშრომლები, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, 24-საათიან პატრულირებას ახორციელებენ, მათ შორის, პრაქტიკულად, მიუვალ ადგილებში და ტყეებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად