დავით ზურაბიშვილი: წახალისებული სიძულვილის ბოროტი სული არის ის ჯინი, რომელიც ბოთლიდან თუ ამოძვრა, მერე თითოეულ ჩვენგანს შეეხება

“ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ ვახო სანაიაზე თავდასხმა პირდაპირი შედეგია იმ მიზანმიმართული სიძულვილისა, რასაც ხელისუფლება და სახელისუფლებო მედია ყოველდღიურად აფრქვევს პოლიტიკური ოპონენტების თუ კრიტიკული მედიის მიმართ”.

ასე ეხმაურება პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე განხორცილებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს.

“ეს არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ ხელისუფლებას საკუთარ სამსახურში ჰყავს ჩაყენებული ეს ე. წ. “შპანა”, უბნის ხულიგნები და კრიმინალური ბანდები, რეგულარულად იყენებს მათ არჩევნების და არა მარტო არჩევნების დროს.
ეს პირდაპირი შედეგია იმისა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც ნახევარ მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, საპარლამენტო ტრიბუნიდან ერის და ქვეყნის მტრებს ეძახის და დეპუტატებად წოდებული უპრინციპო კონფორმისტები მას ტაშს უკრავენ.
ამ ხელისუფლების იმედზე მტერი იყოს, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს მოძალადე ნაძირლები კანონის მაქსიმალური სიმკაცრით იყვნენ დასჯილი. წახალისებული სიძულვილის ბოროტი სული არის ის ჯინი, რომელიც ბოთლიდან თუ ამოძვრა, მერე თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს ახლობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, შვილებს თუ მშობლებს შეეხება. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების აქტიურობას. აქ ყველანი, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, უნდა ვიყოთ მკაცრი, შეუვალი და ერთსულოვანი”, – წერს დავით ზურაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...