ზურაბიშვილი: სააკაშვილის განცხადებები ჩვენთან თანხვედრაში არაა, ეს ოპოზიციის საქმეს აზიანებს

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის განცხადებები, რომ თითქოს მის დროს მედია თავისუფალი იყო, პოლიტპატიმრები არ იყვნენ და ა. შ. „რესპუბლიკურ პარტიასთან“ თანხვედრაში არ არის. 

ზურაბიშვილმა ასე უპასუხა „აიპრესის“ შესაბამის კითხვას. პოლიტიკოსი იმასაც ამბობს, რომ ეს აზარალებს საერთო ოპოზიციურ საქმეს.

„სააკაშვილის განცხადებები რა თქმა უნდა ჩვენთან არანაირ თანხვედრაში არ არის და საერთო ოპოზიციური საქმეს რა თქმა უნდა, აზარალებს. მის ამ განცხადებებს კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, რომ ვთქვათ მედია მის დროს იყო უფრო თავისუფალი და ა. შ. ბევრი განცხადებაა… რასაკვირველია, სააკაშვილის ძალიან ბევრ განცხადებას ჩვენ არ ვეთანხმებით.

არ მგონია, ხვდებოდეს იმას, რომ თავისი განცხადებებით პროცესს აზარალებს. ამას რომ ხვდებოდეს, მაშინ არ ილაპარაკებდა“, – ამბობს ზურაბიშვილი.

კითხვაზე, მასთან ოპოზიციის ლიდერებს არ ჰქონიათ კომუნიკაცია და არ უთქვამთ მისთვის, რომ დროებით პროცესისგან დისტანცირება მოახდინოს, რათა პროცესი არ დააზარალოს? – პასუხობს:

„მისი პარტიის გადასაწყვეტია ეს. ცხადია, ჩვენ ჩვენი დამოკიდებულება გვაქვს წარსულის შეფასებაში. მისი მმართველობის შეფასებაში ცხადია, რომ ჩვენი შეფასებები თანხვედრაში არ არის.

როგორ უნდა მოიქცეს, ამაზე საუბარი მასთან ჩვენ არ გვქონია. მთელი ოპოზიცია ძირითადად საარჩევნო კანონმდებლობაზეა კონცენტრირებული. ყველა ვთანხმდებით, რომ არსებული ხელისუფლება ქვეყნისთვის საფრთხეა, მაგრამ შედარებები მე მგონია, რომ უკიდურესად არაპროდუქტიულია ამ ვითარებაში.

მე მგონია, რომ როდესაც იქნება ნორმალური საარჩევნო კანონი და საარჩევნო გარემო, მაშინ ყველას თავისი შესაძლებლობა ექნება. ახლა ჩემი აზრით უნდა მოხდეს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების კონსოლიდაცია, რათა ეს ხელისუფლება რომელიც თავისი არსით ანტისახელმწიფოებრივია, გავუშვათ ხელისუფლებიდან. ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო ინსტიტუციების გამართულ ფუნქციონირებას, პირად საფრთხედ აღიქვამს.

სააკაშვილის შეფასება, რომ მის დროს ქვეყანა აშენდა და 2012 წელს დაიწყო მისი დანგრევა, ცხადია ამას არავითარ შემთხვევაში არ დავეთანხმებით“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა “აიპრესთან”.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად