დავით ზურაბიშვილი: პოლიტიკოსების რელიგიური პოპულიზმით სიმართლე ზარალდება

პოლიტიკოსების რელიგიური პოპულიზმით სიმართლე და რეალობა ზარალდება, – ამის შესახებ „აიპრესს“ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, შევარდნაძის დროიდან მოყოლებული საპატრიარქო პრაქტიკულად ყოველთვის ხელისუფლებასთან არის შეზრდილი.

_ თქვენი აზრით პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ რატომ ვერ მოიშორა რელიგიური პოპულიზმი? მუდმივად გვესმის ასეთი რიტორიკა მმართველი პარტიის მხრიდანაც, ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც და სააკაშვილმა უკვე მერამდენედ გაიმეორა ეს. რა არის ასეთი, რომ პოლიტიკოსები ასე ებღაუჭებიან მას?

_ არ ვიცი, ვერ გეტყვით. „რესპუბლიკური პარტია“ ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მკაფიოდ ჩამოაყალიბა ეს პოზიცია. „გირჩის“ პოზიციაც საკმაოდ მკაფიოა ამ თვალსაზრისით. ოპოზიციაში ცალკეულ წარმომადგენლებს სხვადასხვა პარტიებიდან აქვთ მკაფიო პოზიციები. მაგალითად „ევროპული საქართველოდან“, „ნაციონალური მოძრაობიდანაც“ აკეთებენ ხოლმე ძალიან სწორ განცხადებებს და არაპოპულისტურ შეფასებებს.

თუმცა, ეს ალბათ განპირობებულია იმით, რომ რახან ეკლესიას აქვს საზოგადოებაში მაღალი ნდობა და მაღალი რეიტინგი, პოლიტიკოსებიდან ყველა ერიდება, რომ არ დაზარალდეს, მაგრამ ამით ზარალდება სიმართლე და რეალობაც. ჩვენთან საპატრიარქო პრაქტიკულად ყოველთვის ხელისუფლებასთან შეზრდილია. შევარდნაძის დროიდან მოყოლებული ეს სულ ასეა და ყოველთვის ვაჭრობს ხელისუფლება მხარდაჭერის სანაცვლოდ.

_ ეს რელიგიური პოპულიზმი არის ევროპული პოლიტიკა?

_ არა რა თქმა უნდა. ჩვენ ვართ სეკულარული სახელმწიფო და ეკლესიის მტრები არ ვართ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეკლესია და პოლიტიკა გამიჯნული უნდა იყოს. ბუნებრივია, ეკლესიის წარმომადგენლებს და სახელმწიფოსაც შეიძლება ჰქონდეთ თავიანთი შეხედულებები რაღაც საკითხებზე, რომელიც მათაც ეხებათ, მაგრამ სახელმწიფოს თავისი კურსი აქვს და სახელმწიფოს კურსი არ შეიძლება იყოს დამოკიდებული იმაზე, რომელი მამაო რას იტყვის.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში, ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში განაცხადა: 2004-2012-ში საქართველო იყო ყველაზე წარმატებული მართლმადიდებლური ქვეყანა მსოფლიოში. 

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად