დავით ზურაბიშვილი: პირადად ბიძინას დონეზე ნამდვილად არ ხდება ამ საქმეების გაყალბება, რადგან ეს ხელისუფლება არ მევასება ტყუილი ვთქვა?

“არანაირად არ არის მასე. არანაირ დონეზე სახელმწიფო არ ფარავს არანაირ სიმართლეს, არის თავმოუბმელობა, არაკვალიფიციურობა და ჩაწყობის შესაძლო მცდელობები ქვედა და საშუალო დონეებზე”, – რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი გირგვლიანისა და შაქარაშვილის საქმეების ერთმანეთთან შედარებას აბსოლუტურ გაუგებრობას უწოდებს და აცხადებს, რომ ამ ორ საქმეს არაფერი აქვს ერთმანეთთან საერთო.

“ახლა რაც შეეხება გირგვლიანს და ამჟამინდელ საქმეებს, გირგვლიანის საქმეში დანაშაული ჩაიდინეს თვითონ პოლიციელებმა, თან შსს მაღალჩინოსნების პირდაპირი დაკვეთით. ამ ხალხს მფარველობდა მთელი სახელმწიფო სისტემა პრეზიდენტი, პარლამენტი (სპეციალურად რამდენიმე კანონი იქნა მიღებული ამ საქმესთან დაკავშირებით), მთავრობა, სასამართლო სისტემა.

ასევე სახელმწიფო იყო დანაშაულის ჩამდენი სხვა გახმაურებულ საქმეებშიც, ვაზაგაშვილი, ხუბულოვი და სხვები მანქანაში ჩაცხრილა პოლიციამ, რობაქიძე ასევე შემოაკვდათ პოლიციელებს და მერე ტელერეპორტაჟში ეს გაასაღეს ბანდიტების ლიკვიდაციის ოპერაციად და ა.შ.

ახლა გვაქვს არსებითად სხვა შემთხვევები. არცერთი დანაშაული არაა ჩადენილი უშუალოდ პოლიციის მიერ. საქმე გვაქვს კრიმინალთან, ხოლო ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები არის იმის თაობაზე, რომ ის ვერ ან არ იძიებს საქმეს. თანაც, საქმის განზრახ მიჩქმალვა ჯერ ერთი არის მხოლოდ ბრალდება და არა დადასტურებული ამბავი და გარდა ამისა, თუ მიჩქმალვის მცდელობა ხდება, ეს ხდება არა უმაღლეს სახელმწიფო დონეზე, არამედ გაცილებით ქვევით და ეს ჯერჯერობით მხოლოდ მცდელობებია თუ არის საერთოდ. თქმა იმისა, რომ ამ საქმეების გაყალბებაში ჩართულია მთელი ხელისუფლება, არ არის სიმართლე, რადგან არ ჩანს ეს ტოტალური ჩარევა არსად. ჩანს მხოლოდ არაკვალიფიციურობა და გამოძიების ქვედა და საშუალო დონეზე რაღაცეებისთვის თავი არიდების მცდელობა. უფრო მეტიც, მე საერთოდ არ მახსოვს შემთხვევა, როდესაც გარდაცვლილის ოჯახის წევრებს არ ჰქონდეთ პრეტენზია გამოძიებასთან და ოპოზიციური მედია გაიძახოდეს, ვინ ჰკითხავს ოჯახსო. ეგეთი რამ ნაღდად არ მაგონდება. წინა ხელისუფლების დროს ყველა გახმაურებულ საქმეში სწორედ ოჯახის წევრები იყვნენ წინა პლანზე და ამ ხელისუფლების დროსაც ასე იყო სარალიძის და მაჩალიკაშვილის შემთხვევებში.

ამიტომ აქ პარალელები მე მგონი არის აბსოლუტურად აცდენილი და გაუმართლებელი”, – წერს დავით ზურაბიშვილი ინგა გრიგოლავას სტატუსის საპასუხოდ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად