დავით ზურაბიშვილი ხელისუფლება-ოპოზიციის დიალოგზე: საქმე ორმხრივ არაადეკვატურობასთან გვაქვს

“მაინცდამაინც ოპტიმისტური მოლოდინები, რომ მქონდეს ეს შეუძლებელია. იმიტომ, რომ აქ ჩვენ საქმე გვაქვს სხვადასხვა ხარისხის, მაგრამ ორმხრივ ადეკვატურობათან”, – ამის შესახებ “აიპრესს” პოლიტიკის ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა განუცხადა კითხვაზე – აქვს თუ არა მოლოდინი, რომ 2 კვირაში რაღაც შედეგი დაიდება და ხელისუფლება-ოპოზიციის დიალოგი წინ წაიწევს.

“ანუ რეალურად არცერთი მხარე არ არის კონფლიქტის დარეგულირებით დაინტერესებული. ოპოზიციას უნდა გამარჯვება, ხელისუფლებას უნდა ოპოზიციის დამარცხება. ორივეს ერთმანეთის მოსპობა უნდათ და დასავლეთის მედიაციაში ამ მომენტს ხედავენ, როგორ გამოიყენენონ ეს თავისთვის. ხშირად არასწორად აფასებენ ხოლმე, თუმცა როგორც აღვნიშნე სხვადასხვა ხარისხით. ხელისუფლების პასუხისმგებლობა დაახლოებით ხუთჯერ მეტია. იმიტომ, რომ ოპოზიციამ ბოიკოტის კამპანიით, თავი თვითონ ჩაიყენა რთულ მდგომარეობაში. იმიტომ, რომ მას ისეთი მოთხოვნები აქვს, რომ თუ ხელისუფლება არ დანებდა… პრაქტიკულად ეს ხელისუფლების გადაბარებას ნიშნავს.

ხელისუფლებას სხვა პრობლემა აქვს. ვერ ხვდება დასავლეთი, რას სთხოვს. რთულია ეს გააგებინო. იმიტომ, რომ ეს არ ესმის ბიძინა ივანიშვილს და იქიდან გამომდინარე სხვებსაც”, – თქვა დავით ზურაბიშვილმა, რომელთან ინტერვიუს სრულ ვარიანტსაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ.

შეგახსენებთ, საქათველოში ვიზიტად მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლი მიშელმა ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნა და თითქოს ყინული დაიძრა, თუმცა დღეს ერთი მხრივ ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირების აქცია მაინც გამართა, ხოლო მეორე მხრივ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები წითელი ხაზია, რამაც პოლიტიკური პროცესი ისევ ჩიხში შეიყვანა.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...