დავით ზილფიმიანი ღარიბაშვილს: რას იცავს ეს პროკურატურა დავით ბეჟუაშვილს, გამაგებინეთ ერთი?

„ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ, პრემიერ მინისტრობის კანდიდატს შეკითხვებით მიმართა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების წევრების დავით ბეჟუაშვილის და ზურაბ ადეიშვილის პროკურატურის მხრიდან საეჭვო კორუფციულ გარიგებაში ყოფნას ეხება.

„ძალიან მიხარია, რომ გხედავთ, თქვენც ბატონო მინისტრობის კანდიდატებო და თქვენც ბატონო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატო და თქვენც, ვისთან ერთადაც იმ ქარცეცხლიან დღეებში 2012 წელს თანამებრძოლები ვიყავით და ვაკეთებდით. რისთვის ვაკეთებდით ამას? როდესაც დაიწყო იმ საზარელი კადრების ჩვენება „ტვ-9“-მ, რომელსაც მაშინ მე ზუსტად ისე ვავრცელებდი, როგორც ნაციონალურ ტელევიზიებს, ყველას ერთნაირი კონტრაქტით, იმას, რასაც დღესაც ვაკეთებ, ადგნენ და დამარბიეს და პირდაპირ ეთერში ვუყურებდით ამ დარბევას. ჩაჩეხეს, დალეწეს, გვცემეს, გამოგვტყიპეს. ზარალი დათვალეს იმდროინდელმა ექსპერტებმა, ისიც კაპიკები და მორჩა. იმის მერე დავდივარ კარდაკარ, ვის არ ვეკითხები კაცო, ეს საქმე ხომ უნდა მისულიყო სასამართლომდე? ქალბატონმა მაიამ, იმდროინდელმა თბილისის პროკურორმა თქვა, ბატონო დავით, მე ექვს თვეში დავამთავრე და უკვე ინკრიმინირებულები იყვნენ ადეიშვილი და ბეჟუაშვილიო, მთავარი მოქმედი ფიგურები, ხელი აქვს დადებული და ყველამ იცის ეს. რას იცავს ეს პროკურატურა ბეჟუაშვილს, გამაგებინეთ ერთი? და საერთოდ, ეს ცხრა წელი, ცხრა წელი ერთი, ცხრა წელი მეორე, ეს სიცოცხლე რამდენი წლისგან შედგება. ბევრი მეკითხება, უი, ცხრა წელიაო „სტერეოს“ საქმე ჯერაც პროკურატურაშიაო. მე ეჭვები მიჩნდება კორუფციის. დიახ, თქვენ უნდა ამტკიცოთ ბატონო პროკურორებო, რომ არ ხართ კორუმპირებულები, რადგან ცხრა წელი თუ არ მოგაქვს, შენზეა უკვე მტკიცებულების ტვირთი. რას ჰგავს ეს? კარიდან გავისტუმრეთ იმდროინდელი ხელისუფლება, ახლა ფანჯრიდან გვიხტება. ეს ის დავით ბეჟუაშვილია, ათეულობით ადამიანი რომ ჩახოცა შახტებში და ბიზნესისთვის უფრო ხელსაყრელიაო, ვიდრე ინვესტიცია განახორციელოს ვენტილაციის. ვერ გავიგე, რატომ არ არის წითელი ცირკულარი ადეიშვილზე, რომელსაც ასეთი მძიმე დანაშაულები აქვს“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...