დავით ზალკალიანმა და შარლ მიშელმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელს შორის შეხვედრა. ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის, განსაკუთრებით იმ კომპლექსური საერთაშორისო გარემოს გათვალისწინებით, რაც დაკავშირებულია გლობალურ პანდემიასთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის  მნიშვნელობას ევროკავშირისთვის და აღნიშნულ რეგიონში სტაბილურობას და მდგრად განვითარებას. 

ამ მხრივ განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის წარმატებებს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში  როგორც პანდემიასთან დაკავშირებული რთული გარემოს, ასევე  უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების ფონზე,   მხარეებმა მიმართონ ძალისხმევას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის  რეჟიმში წარმართვისთვის. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, ხაზი გაესვა ევროკავშირის აქტიური და ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო COVID-19 პანდემიის მხრივ საქართველოსა და ევროკავშირში არსებულ ვითარებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...