დავით ზალკალიანი: ვნახეთ ჯეიმს აპატურაის გამოხმაურება, რომ ნატო-ში არ იღებენ ქვეყნებს, სადაც ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, დავით ზალკალიანის განცხადებით, პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის ერთი პარტიის წინაშე წარდგენა სწორი არა არის, ასეთ ვითარებაში თავს კომფორტულად არ გრძნობს.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა და განმარტა, რომ ეს არა ხელისუფლების, არამედ იმ „უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამოა, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ავლენენ“.

„ჩვენ გვჭირდება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის იმის დემონსტრირება, თუ რა არის საქართველოს მიმზიდველობა, რით არის საქართველო ევროპისთვის მიმზიდველი. რატომ უნდა იყოს საქართველო ევროპული ოჯახის წევრი. პირველ რიგში, ეს არის ის საერთო ფასეულობები და ღირეულებები, რაც დაკავშირებულია ჩვენი დემოკრატიის მდგრადობასთან.

დღევანდელ პარლამენტში ჩვენ გვიხდება მხოლოდ ერთი პარტიის წინაშე მთავრობის სტრუქტურის წარდგენა. რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი. ეს არ არის კომფორტული და ჩვენ ვერ ვგრძნობთ კომფორტულად თავს ამ სიტუაციაში, მაგრამ ეს არის ის მოცემულობა და რეალობა, რომელიც შეიქმნა. ეს რეალობა შეიქმნა არა ხელისუფლების, არამედ იმ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ავლენენ. აქედან გამომდინარე, ეს არ არის ევროპული. არ შეესაბამება ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს. ჩვენ დავინახეთ ჩვენი მეგობრების გამოხმაურება ამაზე, იგივე ჩვენი უახლოესი მეგობრის, ჯეიმს აპატურაის გამოხმაურება, რომ ნატო-ში არ იღებენ ქვეყნებს, სადაც ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ჩვენ დავინახეთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ერთსულოვანია ამ არჩევნების შეფასებაში. დავინახეთ, როგორ შეაფასა ეუთო/ოდირის დასამკვირვებლო მისიამ, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები, რომელიც ყველა ფუნდამენტური თავისუფლების დაცვით ჩატარდა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, არჩევნების გაყალბებაზე ის ოპოზიცია საუბრობს, რომელმაც მანდატი ვერ მიიღო და „არ ჰყოფნის გამბედაობა, რომ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას“.

„საუბარია ხარვეზებზე, მაგრამ ეს ერთი წუთითაც არ აყენებს ეჭვის ქვეშ არჩევნების ლეგიტიმაციას. არცერთი ჩვენი საერთაშორისო ორგანიზაცია, არცერთი პარტნიორი არ ამბობს, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმური არ იყო. ამას მხოლოდ ის ოპოზიცია ამბობს, რომელმაც ვერ მიიღო მანდატი და არ ჰყოფის გამბედაობა, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას. შეხედეთ რეგიონს, რა მდგომარეობაა, როგორი გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო. ამ სიტუაციაში როგორ შეიძლება, რომ საზოგადოება ერთიანი არ იყოს. ჩვენ კონსოლიდაცია გვჭირდება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად