დავით ზალკალიანი სომხეთის ჯანდაცვის მინისტრზე: თუ ეს დადასტურდა, არაკორექტულია და არ უნდა კეთდებოდეს

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის განცხადება ინტერპრეტირებით იყო გაჟღერებული და ამით გამოწვეული გაუგებრობის გამო წუხილს გამოთქვამენ.

“თუკი ის დადასტურდა, რაც კი ჩვენ ვნახეთ მედიიდან, ეს იყო, რა თქმა უნდა, არაკორექტული და მსგავსი სახის გამონათქვამები მაღალი რანგის თანამდებობების პირების მხრიდან მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოს მიმართ არ უნდა კეთდებოდეს.

ჩვენ როგორ მეზობელი, დაინტერესებული ვართ, პანდემიის კუთხით ყველას ჰქონდეს წარმატება ჩვენს გარშემო და მთელს მსოფლიოში” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა ტვ “იმედთან”.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით,  მას სომხეთში საქართველოს საელჩოდან დაუკავშირდნენ და წუხილი გამოთქვეს მომხდართან დაკავშირებით.

“რამდენიმე წუთის წინ დამიკავშირდა ჩვენი საელჩო ერევანში და მაცნობეს, რომ სულ ცოტა ხნის წინ განხორციელდა ზარი სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროდან. ზარი განხორციელდა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით და გამოთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა გამონათქვამმა, რომელიც მათი განმარტებით არასწორად იყო ინტერპრეტირებული, გაანაწყენა ქართველი კოლეგები.

მათი თქმით, ამის შესახებ სწუხან და სთხოვა ჩვენს საელჩოს, გადმოეცათ ეს პოზიცია თბილისისთვის.

რადიო თავისუფლების” გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანმა ეჭვი გამოთქვა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკის სიზუსტის თაობაზე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ რადიო თავისუფლებას წერილობით მიაწოდა საკუთარი პოზიცია. რომელსაც “აიპრესი” უცვლელად გთავაზობთ.

„ა.წ. 22 მაისს, საღამოს რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საინფორმაციო სააგენტო Arminfo-ს თანახმად სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბ-ნმა არსენ ტოროსიანმა გამოთქვა ძალიან რბილად რომ ვთქვათ, რიგი არაკორექტული და სიმართლეს აცდენილი მოსაზრებები საქართველოზე. კერძოდ, მან ეჭვქვეშ დააყენა საქართველოში COVID – 19-ის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების სისწორე და გააკეთა დასკვნა, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია?! კერძოდ მან სიტყვა-სიტყვით სთქვა – „საქართველოს ჯანდაცვისა და ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა მკვეთრად განსხვავდება სომხეთის სისტემისგან, თანაც არა კარგი კუთხით. ჩვენი სისტემა უფრო ძლიერია და ეს ფაქტია“?! – განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

არ გვგონია, რომ ბატონ ტოროსიანს ჩვენგან ესწავლებოდეს, რომ მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირმა ასეთი განცხადებები, მით უმეტეს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, არ უნდა გააკეთოს.

ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების ოფიციალური მონაცემებით (მათ შორის თავად Arminfo-ს მონაცემებით) ა.წ. 22 მაისის მდგომარეობით საქართველოში არის COVID-19-ის 723 დადასტურებული შემთხვევა, მათგან გარდაიცვალა 12, ხოლო სომხეთში არის COVID-19-ის 5928 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 74 გარდაიცვალა.

ამ ფონზე სულ ცოტა ღიმილის მომგვრელია (თუ სასაცილო არა) ბატონი მინისტრის განცხადება, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია.

რაც შეეხება ბატონი მინისტრის მიერ საქართველოს სტატისტიკური მონაცემების სისწორის ეჭვქვეშ დაყენებას, გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოში COVID-19-ით პაციენტების გამოვლენა და რეგისტრაცია ხდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, გამჭვირვალედ და მათი მაღალი სანდოობა ჯერ ეჭვქვეშ არ დაუყენებია არცერთ, აბსოლუტურად არცერთ საერთაშორისო ინსტიტუციას თუ ექსპერტს. ვფიქრობთ, ბატონმა მინისტრმა ან თავისი არაკორექტული (რბილად რომ ვთქვათ) შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან სულ ცოტა თავისი განცხადების დეზავუირება მოახდინოს და ბოდიში მოიხადოს.

რაც შეეხება ბ-ნი ტოროსიანის კითხვებს, განვმარტავთ, რომ საქართველოში ფუნქციონირებს რეგიონში ერთადერთი უნიკალური და უმაღლესი დონის „ლუგარის“ სახელობის ცენტრი, სადაც ყველა ლაბორატორიული კვლევა სრულდება უმაღლეს დონეზე ყველაზე მაღალი ხარისხის ტესტ-სისტემების გამოყენებით, რაც ყველანაირ ცდომილებას გამორიცხავს. არ გვგონია, რომ სომხეთს უკეთესი ლაბორატორია, მეთოდოლოგია და ტესტ-სისტემები ჰქონდეს.

საქართველოში ყველა სადიაგნოსტიკო გამოკვლევა ხდება მხოლოდ PCR ტესტების გამოყენებით (სულ სადღეისოდ შესრულებულია 45 707 PCR კვლევა), ხოლო ანტისხეულებზე სწრაფ ტესტებს ვიყენებთ მხოლოდ, როგორც დამატებით კვლევას SARS-CoV-2-ზე სეროპოზიტიური პირების (და არა ავადმყოფების) გამოსავლენად.

საქართველოს ნაციონალური პროტოკოლების და ალგორითმების თანახმად PCR კვლევას ექვემდებარება ყველა პირი, ვინც შეესაბამება COVID-19-ის შესაძლო შემთხვევის განმარტებას, მათ შორის, ვისაც აქვს მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები ცხელებით ან ცხელების გარეშე (მათ შორის მსუბუქი სიმპტომებით), პირები მაღალი რისკის ზონებიდან, დადასტურებული შემთხვევების ახლო კონტაქტები, პირები დადასტურებული შემთხვევების კლასტერებიდან, ყველა ჰოსპიტალიზებული და ამბულატორიული პაციენტი ცხელებით და ნებისმიერი ეტიოლოგიის პნევმონიით. ბუნებრივია, სტატისტიკურ მონაცემებში შედიან ისინიც, ვინც პნევმონიისგან გარდაიცვალნენ და COVID-19 დადასტურებული ჰქონდათ.

ქვეყანაში მოქმედებს COVID-19-ის შესაძლო შემთხვევით პაციენტების მართვის ეფექტიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უკლებლივ ყველა პაციენტის დროულ და ზუსტ დიაგნოსტიკას და ყველა COVID-19-ით პაციენტის, მათ შორის უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების ადეკვატურ მართვას, აგრეთვე მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების კლინიკურ მართვას უმაღლესი სტანდარტებით, მათ შორის ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, რაზეც მეტყველებს COVID-19-ით გარდაცვლილთა მცირე რიცხვი.

საქართველო სისტემატურად იღებს მაღალ შეფასებებს გაეროსგან, ჯანმოსგან, სხვა ოფიციალური საერთაშორისო ინსტიტუციებისგან და ცალკეული ავტორიტეტული პირებისგან COVID-19-ის მართვის დარგში მიღწეული წარმატებებისათვის.

ჩვენ ვეპატიჟებით ბ-ნ არსენ ტოროსიანს და ყველა დაინტერესებულ პირს საქართველოში, რათა გავაცნოთ ქვეყნის გამოცდილება COVID-19-ის მართვის სფეროში“ – ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის წერილში, რომელიც “რადიო თავისუფლებას” მიაწოდა.

ცნობისთვის, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს, არსენ ტოროსიანს, COVID – 19-ზე საქართველოს სტატისტიკა აეჭვებს

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად