დავით ზალკალიანი:რამდენიმე საათში ამსტერდამიდან საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდება სამშობლოში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დღეს, 31 მარტს, ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების“ მიერ განხორციელებული რეისით სამშობლოში კიდევ 179 მოქალაქე დაბრუნდება.

ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად დაგეგმილი ფრენების შესახებ კომენტირებისას POSTV-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თვითმფრინავის ბორტზე მგზავრთა შორის არის ფეხმძიმე ქალბატონი, რომელიც 23 მარტის შემდგომ საქართველოს საელჩომ უზრუნველყო საცხოვრებლითა და პირველადი საჭიროების ნივთებით. ასევე, 4 განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქე და 40-მდე ტრანზიტული მგზავრი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საელჩოს დახმარებითა და კონსულტაციით, ამსტერდამის გავლით ბრუნდებიან სამშობლოში.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად.

„ჩვენი დიპლომატები, ევროპის სხვადასხვა ქალაქში, ყოველდღიურ, 24 საათიან რეჟიმში არიან კონტატზე ჩვენს მოქალაქეებთან, არა მხოლოდ უზრუნველყოფენ მათ ორგანიზებულად დაბრუნებას სამშობლოში შესაბამისი რეისებით, არამედ ძალიან ბევრ შემთხვევაში, როდესაც მათ უჭირთ გადაადგილება ევროპის მასშტაბით, ახდენენ მათ ორგანიზებულ ჩამოყვანას. ხდება უზრუნველყოფა ავტომობილებით და ხშირად, ეს პროცესი გართულებულია, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის ბევრ სახელმწიფოს შორის შიდა გადაადგილებაც კი შეზღუდულია. მართლაც, ჩვენი დიპლომატები და საკონსულო სამსახურის თანამშრომლები ძალიან სერიოზულ საქმიანობას ახორციელებენ იმ თვალსაზრისით, რომ დროულად მოხდეს ჩვენი მოქალაქეების მიყვანა შესაბამის აეროპორტებში და შემდგომ, მათი გამომგზავრება,“- განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორიდნაციო საბჭოს მითითებით, საზღვარაგრეთ დიპლომატიური მისიები მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე უკვე მოხდა საქართველოს 4000-ზე მეტი მოქალაქის ორგანიზებული დაბრუნება სამშობლოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად