დავით ზალკალიანი: ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ჩვენ გვხვდება მკაფიო საჯარო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ

2021 წლის 19 ნოემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში წარსდგა და 2021 წელს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლა დავით ზალკალიანმა საქართველოს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევაზე – ოკუპაციაზე საუბრით დაიწყო და ამ კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრმა განმარტა, რომ 2021 წლის 23 ივნისს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიქმნა სამთავრობო კომისია „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს.

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიღწევა გახლდათ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 21 იანვარს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან და მის შედეგებთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებამ სამართლებრივად დაადასტურა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და ეფექტური კონტროლი, ასევე, ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ფედერაციას,” – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობს, აღნიშნული მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამართლებრივი ბერკეტი ეფექტიანად გამოიყენოს საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის მობილიზების პროცესში.

მისივე თქმით, წლის განმავლობაში აქტიურად ხდებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება როგორც რუსეთის ოკუპაციის პოლიტიკის და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების, საქართველოს მოქალაქეების გატაცების/უკანონო დაკავებების, ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებზე, ისე რუსეთის მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე.

დავით ზალკალიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების დაყენების და საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების მიზნით, საგარეო უწყება ინტენსიურად იყენებდა ყველა შესაძლო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატს.

“ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ჩვენ გვხვდება მკაფიო საჯარო მხარდაჭერა საქართველოსთან მიმართებაში. მათ შორის აღსანიშნია: შვეიცარიისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევის სამიტის ფარგლებში; აშშ-ს თავდაცვის მდივნის მხარდამჭერი განცხადებები საქართველოში ვიზიტისას; ლიეტუვას პრეზიდენტის , ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო გამოხმაურებები 2008 წ. რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 13 წლისთავზე,” – განმარტა ზალკალიანმა.

ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები ასახულ იქნა პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არაერთ დოკუმენტში.

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე.

„მე მინდა პირობა მოგცეთ, რომ ეს [უკანონო დაკავებების აღკვეთა] იქნება ჩვენი 24 საათიანი საქმიანობის ყველზე მთავარი მიმართულება, იმისთვის, რომ ეს უმძიმესი ჰუმანიტარული საკითხი დასრულდეს,“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, 2021 წლის მანძილზე ინტენსიურად გრძელდებოდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებიც და მიმდინარე წელს აღნიშნული ფორმატის 3 რაუნდი ჩატარდა.

რაც შეეხება ამ კუთხით საგარეო საქმეთა სამინისტროს სამომავლო გეგმებს, უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გააგრძელდება აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან, რუსეთის უკანონო ქმედებების შეკავებისა და აღკვეთის, რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციის მიზნით.

კომენტარები
იტვირთება...