დავით ზალკალიანი: ჩვენი ამბიციური გეგმა 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთების შესახებ, მიანიშნებს თუ რაოდენ სერიოზულია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესი

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის დავით ზალკალიანის განცხადებით, მისთვის, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სამთავრობო პროგრამას ჰქვია „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, რაც არის ძალიან მკაფიო გზავნილი როგორც საზოგადოებისთვის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და მიანიშნებს იმ კურსზე, საითკენაც მიდის ქვეყანა.

„ის სერიოზული გზავნილები, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გამყარებასთან, ეს ყველაფერი არის ასახული სამთავრობო პროგრამაში. ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის საგარეო პოლიტიკის ის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც ასევე ასახულია საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის მთავარ დოკუმენტში და სამოქმედო გეგმაში, რაც არის სრულ თავსებადობაში საქართველოს მთავრობის პროგრამასთან.“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის თქმით, ქვეყნის ამბიციური განაცხადი, რომელიც უკავშირდება 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებას, მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ სერიოზულად აღიქვამს ქვეყნის ხელისუფლება საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, რისთვისაც საჭიროა ყოველდღიური საქმიანობა. მინისტრის თქმით, ევროპელი პარტნიორებისთვის საქართველომ უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, თუ რით არის საქართველო მიმზიდველ ევროპისთვის, რატომ უნდა იყოს საქართველო ევროპული ოჯახის წევრი. ეს არის პირველ რიგში ის საერთო ფასეულობები და ღირებულებები, რაც არის დაკავშირებული ქვეყნის დემოკრატიის მდგრადობასთან.

„დღეიდან ყველა სამთავრობო სტრუქტურა, ყველა სამინისტრო , ასევე მთლიანად საკანონმდებლო ხელისუფლება მთელი ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი ამ იდეის განხორციელებაში, რადგანაც დამოუკიდებლად ცალკეული სტრუქტურა, ვერც მთავრობა, ვერც პარლამენტი, ვერც რომელიმე ინსტიტუტი ვერ მიაღწევს იმ შედეგს, რაც მოითხოვს შრომატევად საქმიანობას ყველა მიმართულებით, სექტორალური კუთხით, პოლიტიკური ჰარმონიზაციის თვალსაზრისით, ჩვენი კანონმდებლობის სრულ თავსებადობაში მოყვანის თვალსაზრისით ევროპულ კანონმდებლობასთან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა საქართველოს პარლამენტში, სადაც დღეს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას კენჭს უყრიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად