დავით ზალკალიანი: 13 საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, იმ სოლიდარობის დადასტურებაა, რასაც ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ევროკავშირელი კოლეგების მხრიდან

მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი პარტნიორი ევროკავშირის 13 საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ, რომლებმაც გააგზავნეს წერილი ევროკომისიაში, რათა აღმოსავლეთ პარტნიორ წევრ ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს, გაეწიოს მყისიერი დახმარება ვაქცინების საქართველოში გამოგზავნასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„ეს კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენთვის, დადასტურება იმ სოლიდარობის, რასაც ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ევროკავშირელი კოლეგების მხრიდან. მინდა, თითოეულ მათგანს, ცამეტივე საგარეო საქმეთა მინისტრს ჩემი გულწრფელი მადლიერება გადავცე და საზოგადოებას ვაუწყო, რომ ჩვენ ვართ მუდმივ კომუნიკაციაში ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან ერთად იმისთვის, რომ საქართველომ რაც შეიძლება ადრე მოიპოვოს ვაქცინა. ამ მიმართულებით საქმიანობა უკვე დაწყებულია.

გუშინდელი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩვენ შემოგვიერთდნენ ევროკავშირის და სხვა პარტნიორ წევრ ქვეყნებში ჩვენი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები. მათ საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა საქმიანობაა დღემდე საქართველოსთვის ვაქცინის რაც შეიძლება დროულად მიწოდებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც ეს წერილი, ასევე სოლიდარობაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, უახლოეს მომავალში გამოიღებს თავის შედეგს და საქართველო მისთვის კუთვნილ ვაქცინას მიიღებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკომისიის სახელზე წერილი გააგზავნეს, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაზაფხულისთვის გადაცემის მოწოდებაზეა საუბარი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად