დავით უსუფაშვილი: სირცხვილი მოსვენებას არ მაძლევს, რომ მეც „ოცნება“ მერქვა

მე ვარ ერთ-ერთი იმ ადამიანთა შორის, რომელსაც სირცხვილი მოსვენებას არ მაძლევს, რომ მეც „ოცნება“ მერქვა, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა და განმარტა, რომ „ივანიშვილის რეალური წასვლის დრო“ დადგა, რადგან მან ქვეყნის მართვა ვერ შეძლო.

„აუცილებელია ხელისუფლების შეცვლა, ეს შეცვლა სჭირდება ქართველ ხალხს. „ოცნების“ მხარდამჭერებს შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად სჭირდება ხელისუფლების შეცვლა იმიტომ, რომ რაც დრო გადის, მით უფრო სამარცხვინო ხდება უკან მოხედვა. მე ვარ ერთ-ერთი იმ ადამიანთა შორის, რომელსაც ეს სირცხვილი მოსვენებას არ მაძლევს, რომ მეც „ოცნება“ მერქვა. მეც თანამონაწილე ვიყავი იმ რაღაც პროცესის, რომლის დასაწყისი იყო სრულიად სხვა, მიზნები იყო სრულიად სხვა.

ივანიშვილმა მიიღო მთავარი არასწორი გადაწყვეტილება, ქვეყანა ჩააბარა ხალხს, რომელიც თავად ჰყავდა გაყრილი საკუთარი გუნდიდან არაკომპეტენტურობის და შეუსაბამობის გამო თანამდებობებისთვის. ის თუ ახლა ცდილობს, რომ ხელი დაიბანოს, აქ სხვა ბიჭებმა, რომლებსაც ბევრი ჭკუა არ მოეკითხებათ სახელმწიფოებრივ საკითხებში, დააქციოს „ოცნება“ და ის მშრალზე დარჩეს, ეგრე არ გამოვა, რას ჰქვია წავიდა, სად წავიდა? ვინ დაგვიტოვა? ან გახარია, რომ გადადგა სად გადადგა? მან არ მოიყვანა ეს ხალხი ერთი წლის წინ საპარლამენტო არჩევნებით? ეგრე მარტივი არაა, რომ „მე წავედი“. ბიძინა ივანიშვილის რეალური და სწორი წასვლის დრო დადგა. ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან წასული არ მჭირდება, მე ხელისუფლებიდან წასული მჭირდება იმიტომ, რომ ვერ შეძლო ქვეყნის მართვა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა „თავგზააბნეულობაზე“ მიუთითებს, რადგან მათ საკუთარი პოლიტიკური გადარჩენის გარდა აღარაფერი აინტერესებთ.

„ევროკავშირი აგრძელებს ქართველ ხალხზე ზრუნვას და უკვე დიდი ხანია დარწმუნებულია „ოცნების“ დღევანდელი ვერსიის არსში და არ აპირებს აყვეს მას, საქართველოს დასჯას არ აპირებს, მაგრამ ეს ხელისუფლება, რომ დასასჯელიცაა და სათანადო ადგილზე გასაშვებიც, ამაში უკვე აღარავის ეპარება ეჭვი. პოლიტიკური მანევრი აღარ ჰქვია ამას, პოლიტიკური თვალთმაქცობაც აღარ ჰქვია, ძალიან ბევრი რამ აღარ ჰქვია, ეს არის თავგზააბნეული, ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ხელისუფლების დავიწროებული თვალსაწიერი და საკუთარ პოლიტიკურ გადარჩენას უკავშირებენ ხელისუფლებაში დარჩენას და ამის მიღმა არაფერი აღარ აღელვებთ. არ აღელვებთ ის, თუ რანაირად წარმოჩნდება ქვეყანა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...